აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების პოტენციალის კვლევისა და გომარდულში ტურიზმის ამ სახეობის განვითარების კომპლექსური სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა.
როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, ამ ეტაპზე საჭიროა რეგიონში სპორტული ტურიზმის განვითარების პოტენციალის შეფასება და სპორტის იმ სახეობების გამოვლენა, რომელთა განვითარების კონცეფცია და სამოქმედო გეგმა უნდა მომზადდეს კვლევის საფუძველზე.
"ჩვენ დავაანონსეთ, რომ სპორტული ტურიზმი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება აჭარაში ოთხი სეზონზე გადასვლისთვის. ამ მხრივ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით, შევისწავლეთ სხვა ქვეყნების გამოცდილებები, თუ როგორ განვითარდნენ და დაგროვებული ინფორმაციის საფუძველზე ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადეთ. რომელიც თავის მხრივ მოიცავს ორ მნიშვნელოვან მიმართულებას. პირველი ეს არის გომარდულის განაშენიანების გეგმა, რომელიც უნდა იყოს ორიენტირებული ოთხ სეზონზე, ანუ იქ უნდა იყოს მოცემული არამხოლოდ სპორტული ინფრასტრუქტურა, არამედ სასტუმრო ინფრასტრუქტურაც. გომარდულის კურორტი უნდა იყოს გათვლილი ყველა მომხმარებლისთვის და ასევე სპორტსმენებისთვის.
მეორე ნაწილია, უშუალოდ სპორტული ტურიზმის განვითარება მთლიანად აჭარაში, რომელიც ითვალისწინებს ყველა სახის ინფრასტრუქტურის შესწავლას. უნდა წარმოადგინონ მთიანი ხედვა და კონცეფცია, თუ როგორ უნდა იყოს დატვირთული და ხელი შეუწყოს სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებას", აცხადებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე თორნიკე კუჭავა.
სატენდერო პირობების მიხედვით, გომარდულში სპორტული ტურიზმის განვითარების კომპლექსური სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის საკონსულტაციო კომპანიამ კვლევის საფუძველზე უნდა შეაფასოს აჭარის რეგიონში სპორტული ტურიზმის განვითარების პოტენციალი და საკურორტო ადგილ გომარდულისთვის შეიმუშავოს სპორტული ტურიზმის განვითარების კომპლექსური სამოქმედო გეგმა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის (feasibility study) შედეგების საფუძველზე. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა უნდა მოიცავდეს შემდეგ კომპონენტებს:
- აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების პოტენციალის შეფასება;
2.საწვრთნელი/სპორტული ბაზების განვითარების კონცეფციის შექმნა გომარდულში. ასევე საკონსულტაციო კომპანიამ უნდა უზრუნველყოს კონცეფციის განხორციელების ხარჯთაღრიცხვა;
3.საერთაშორისო სპორტული ღონისძიების მასპინძლობის შესაძლებლობების შეფასება და რეკომენდაციების გაწევა;
4.სამოქმედო გეგმას თან უნდა ახლდეს იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებსაც პოტენციურად შეუძლიათ კვლევით განხილული სპორტული/საწვრთნელი ბაზების მართვა/ოპერირება;
ინტერესთა გამოხატვის ფარგლებში დაინტერესებულმა სუბიექტებმა 22 მარტის ჩათვლით უნდა წარმოადგინოს საკუთარი ხედვა და შეთავაზებები შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, მ. კომახიძის ქ. #119 ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით: info@mofea.ge. საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 577 906067.
აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობა რეგიონში სპორტული ტურიზმის განვითარების კუთხით გააქტიურდა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკის პრიორიტეტული სექტორის - ტურიზმის დივერსიფიკაციას.
ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადაიდგა, დღეის მდგომარეობით, სპორტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში განხორციელდა 120 მლნ. აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია, კერძოდ მშენებლობის პროცესშია: UEFA სტანდარტების ფეხბურთის სტადიონი, სპორტული კომპლექსი, საერთაშორისო სტანდარტების საცურაო აუზი, საციგურაო მოედანი. 2018 წელს ბათუმმა უმასპინძლა 43-ე ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადას, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 190 ქვეყნის წარმომადგენელმა. ამავე წელს ქალაქ ბათუმს მიენიჭა ევროპის სპორტული ქალაქის სტატუსი