18 მარტს, ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ბიზნეს ფორუმი „ბათუმი-ვროცლავი“ გაიმართება.
საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში უცხოელი პარტნიორები საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებს, აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალს, ასევე საინვესტიციო და საპრივატიზაციო ობიექტებს გაეცნობიან.
პოლონეთის დელეგაციის წარმომადგენლები პოტენციურ ინვესტორებთან, ადგილობრივ კომპანიებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებს გამართავენ.
ფორუმზე პოლონეთის წარმომადგენლებს აჭარის რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებზე ინფორმაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული სპეციალური პრეზენტაციით მიეწოდებათ. ფორუმის მონაწილეები ასევე აჭარის რეგიონის ინგლისურენოვან საინვესტიციო ვიდეო რგოლს გაეცნობიან.
ფორუმის ფარგლებში ბათუმს ტურიზმის, მშენებლობის, საფინანსო და სხვა სექტორში მოღვაწე პოლონური კომპანიები ეწვევიან.
პრეზენტაციების შემდეგ ბიზნესმენთა პირისპირ შეხვედრები გაიმართება, რაც ქართულ და პოლონურ კომპანიებს შორის ბიზნეს ურთიერთობების დამყარებას შეუწყობს ხელს.