საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრმა, საქართველოს საფონდო ბირჟამ და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ დღეს თბილისში უმასპინძლეს ღონისძიებას „დავრეკოთ ზარი გენდერული თანასწორობისთვის“. ღონისძიება გენდერული კვირეულის ფარგლებში, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გაიმართა. ღონისძიება მხარს უჭერს ქალთა მონაწილეობის გაზრდას გლობალურ ეკონომიკაში და კომპანიებში უფრო მეტად ინკლუზიურ და გენდერულად თანასწორი გარემოს შექმნას.
მაკინზის გლობალური ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად მნიშვენლოვანია რეფორმების ტემპის დაჩქარება, რაც მომდევნო ექვს წელში, გლობალურად, გაზრდის მთლიან შიდა პროდუქტს - 12 ტრილიონი აშშ დოლარით.
მსოფლიო ბანკის თანახმად, გენდერული თანასწორობის რეფორმების განხორციელების შემთხვევაში, საქართველო შეძლებს ეკონომიკური წარმატების მიღწევას, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 11%-იან ზრდას გულისხმობს.
იმის მიუხედავად, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი და გრძელი გზა გაიარა გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი გარემოს შესაქმნელად, აღნიშნულმა ღონისძიებებმა საერთაშორისო რეიტინგებში საერთო პროგრესი ვერ აჩვენა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური გენდერული უთანასწორობის 2018 წლის ანგარიშში საქართველომ 85-ე ადგილი დაიკავა 149 ქვეყანას შორის თანაბარი შესაძლებლობების და ეკონომიკური მონაწილეობის მიხედვით.
გიორგი ფარესიშვილმა, საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა: „კომპანიასა და ინვესტორს შორის საქმიანი ურთიერთობის დამყარებისას საფონდო ბირჟას უნიკალური მდგომარეობა გააჩნია, რათა ზეგავლენა მოახდინოს კაპიტალის ბაზრებზე, გენდერული განსხვავებების აღმოფხვრის მიზნით. ჩვენ აღებული გვაქვს ვალდებულება განვაგრძოთ მუშაობა ამ მიმართულებით ხელშესახები შედეგების მისაღწევად.”
„საქართველოში ქალები ვერ ახერხებენ მამაკაცებს თანაბრად აუწყონ ფეხი ეკონომიკურად,“ აღნიშნა თამარ საბედაშვილმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში. „გენდერული თანასწორობის მისაღწევად საჭიროა არა მხოლოდ მთავრობის, არამედ კერძო სექტორის ჩართულობაც. იმედისმომცემია ის, რომ უფრო მეტი ბიზნეს კომპანია ახორციელებს ღონისძიებებს ქალების გაძლიერებისთვის.“
„ქალების, როგორც მეწარმეების, დასაქმებული პირების და ბიზნეს ლიდერების მეტი ჩართულობა არა მხოლოდ მორალური იმპერატივი, არამედ გონივრული ბიზნეს სტრატეგიაცაა,“ აღნიშნა იან ვან ბილსენმა, IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში. „კვლევამ გამოავლინა, რომ გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრა მნიშვნელოვან ეკონომიკურ გაუმჯობესებას იწვევს. თბილისში გამართული დღევანდელი ღონისძიება ჩვენი ერთობლივი მონდომების ნათელი გამოვლინებაა, რომლის მიზანია გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრა და ცვლილებების სტიმულირება.“
ღონისძიება ორგანიზებული იყო მდგრადი განვითარების მიზნების, კერძოდ, მე-5, გედერული თანასწორობის მიზნის მისაღწევად. ღონისძიებაზე ასევე განიხილებოდა ახლახან მიღებული „კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსი“, რაც სამეთვალყურეო საბჭოში ქალი წევრების 20 პროცენტიან ზრდას გულისხმობს. ღონისძიების მხარდამჭერი ტრადიციულად ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო, რომელმაც 10 წლის წინ საფონდო ბირჟაზე მოვაჭრე კომპანიებისთვის კვოტირების კანონი წარადგინა.
„დავრეკოთ ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ გლობალური ინიციატივაა რომელიც ყოველწლიურად იმართება იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და ბიზნეს სექტორში გენდერულ თანასწორობას. გლობალურ ინიციატივას მხარს უჭერენ ისეთი ორგანიზაციები როგორებიცაა: საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), საფონდო ბირჟების მდგრადი ინიციატივა (SSE), გაეროს გლობალური კომპაქტი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ორგანიზაცია „ქალები საბირჟო საინვესტიციო ფონდებში“ (Women in ETF)“, და საფონდო ბირჟების მსოფლიო ფედერაცია.
ღონისძიება მონაწილე საფონდო ბირჟებს მოუწოდებს დააფიქსირონ თავიანთი მზაობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ადვოკატირებთვის. საფონდო ბირჟებსა და კომპანიებში, რეკომენდებულ ღონისძიებებს შორისაა გენერალური დირექტორის მხრიდან „ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) მხარდამჭერი განცხადების“ ხელმოწერა; სამუშაო ადგილის ქალთა ხელშემწყობი პოლიტიკის განხორციელება; გენდერული თანასწორობის თემაზე აგებული საინვესტიციო პროდუქტების შემუშავება.