გენდერული კვირეულის ფარგლებში, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ხვალ, 12 მარტს საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), საქართველოს საფონდი ბირჟა და გაეროს ქალთა ორგანიზაცია გლობალურ ინიციატივას „დავრეკოთ ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ (Ring the Bell for Gender Equality) თბილისში უმასპინძლებენ. ყოველწლიური ღონისძიების მიზანია მხარი დაუჭიროს ქალთა მონაწილეობის გაზრდას გლობალურ ეკონომიკაში და ხელი შეუწყოს კომპანიებში უფრო მეტად ინკლუზიურ და გენდერულად თანასწორ გარემოს შექმნას.
ღონისძიება „დავრეკოთ ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ მსოფლიო მასშტაბით მეხუთედ, თბილისში კი მეორედ ჩატარდება. მას კერძო სექტორის, მთავრობის, საერთაშორისო თანამეგობრობისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები დაესწრებიან. ინიციატივას „დავრეკოთ ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ მეორე წელია დახმარებას უწევს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.