საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო მუშაობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტით დაინტერესებულ ყველა მხარესთან. მისი თქმით, 8 თებერვალს შედგა პირველი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო რამდენიმე სამინისტრომ, ანაკლიის განვითარების კონსროციუმმა და ოთხმა საფინანსო ინსტიტუტმა. ამ შეხვედრაზე იყო პოზიციების დაზუსტების მცდელობა, ახლა კი ელოდებიან პროცესების განახლებას.
„შეხვედრები გრძელდება. მეტსაც გეტყვით, ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური მუშაობა კონსორციუმთან და ყველა იმ დამფინანსებელთან, რომელსაც სჭირდება სახელმწიფოს მონაწილეობა ამ პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ იმ ახალ პირობებზე ვლაპარაკობთ, რომლებზეც არ გვქონია საუბარი არც კონკურსის, არც საინვესტიციო ხელშეკრულების გაფორმების და მეტიც, არც შემდგომ ეტაპზე და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ დაინტერესებული ამ პროექტის სწრაფი შესრულებით, ჩვენ ვთქვით, - მოდი, კიდევ 6 თვით გადავწიოთ ვადა. საფინანსო ინსტიტუტებისგან მივიღეთ ახალი პირობები, ეს არის პირობები უფრო სასაუბრო თემებია, ვიდრე დეტალიზაცია. ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია თუნდაც ტვირთების გარანტიაზე. ვიცით, რომ ეს არის რისკების სრული დაფარვა, მაგრამ არ ვიცით ზუსტად რა თანხაზე ვსაუბრობთ, რა ვადაზე, რა მოდელის გარანტიაა. არის კიდევ სხვა პირობები, 8 პირობა არის ძირითადი, მაგრამ შედარებით მცირე 30 დამატებაზეა კიდევ საუბარი. ჩვენ ვართ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის პარტნიორი, ჩვენ ვართ პროექტის განხორციელებით დაინტერესებული მხარე, როგორც სახელმწიფო და ჩვენ უშუალოდ ჩავერთეთ მოლაპარაკებაში საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, რათა მათ მიიღონ გადაწყვეტილება და მისცენ თანხა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს.“
მინისტრი ამბობს, რომ უკვე ამ ეტაპზე ელოდებიან უფრო ზუსტ პასუხებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან, თუ კონკრეტულად რა ფინანსურ, თუ სამართლებრივ მოთხოვნებს აყენებენ ისინი დამატებით სახელმწიფოს წინაშე. „მოდით, ერთად შევაფასოთ თუ რამდენად სწორი იქნება, რომ სახელმწიფო ამ პირობებზე დათანხმდეს“, ამბობს ვიცე-პრემიერი.