საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2010 წლის მეორე კვარტალში სამომხმარებლო ფასების საერთო დონე 0.4 პროცენტით შემცირდა და 3.7 პროცენტი შეადგინა.
მეორე კვარტალში საბაზო ინფლაციის მაჩვენებლების მიხედვით ფასების დონის ზრდა შეინიშნება. კერძოდ, წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებლები 2.2 და 2.1 პროცენტს შეადგენს, შესაბამისად, ორი და ერთი სტანდარტული გადახრის ფარგლებში მყოფი პროდუქტებისათვის.
ივნისში იმპორტირებულ საქონელზე წლიური ინფლაციის მაჩვენებელი გაიზარდა და 7.3 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია რომ, იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდა, ერთი მხრივ, საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდის, ხოლო მეორე მხრივ, ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების შედეგია. ადგილობრივი საქონლის ინფლაცია
2.2 პროცენტს შეადგენს. სავაჭრო საქონელზე ფასების ზრდამ 3.6 პროცენტი, ხოლო არასავაჭრო საქონელზე ფასების ზრდამ 3.3 პროცენტი შეადგინა.
გლობალური ფინანსური კრიზისით გამოწვეული შენელებული ეკონომიკური აქტივობის ფონზე, შრომის ბაზარზე განვითარებული ტენდენციები საანგარიშო პერიოდში შეიცვალა. ქვეყნის ეკონომიკაში დასაქმებულთა შრომის პროდუქტიულობა ორწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ რეალური ზრდისკენ წავიდა. წინა კვარტალთან შედარებით, მცირედით მოიკლო დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასის დონის წლიური ზრდის ტემპმა.
2010 წლის I კვარტალში, დაქირავებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა ოფიციალურ ეკონომიკაში შეადგინა 564.7 ლარი, რაც 6.3 პროცენტით აღემატება 2009 წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს. ხელფასების ზრდის ტემპის კლებამ და პროდუქტიულობის მკვეთრმა მატებამ პერსონალური დანახარჯების ზრდის ტემპის საგრძნობი შემცირება გამოიწვია. პერსონალური დანახარჯების ზრდის ტემპის კლება და დაბალი დონე, თავის მხრივ, ინფლაციის მაჩვენებლის დაწევის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია.
2010 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით, სარეზერვო ფულის მაჩვენებელი 27,3 ლარით (1,7 %_ით) გაიზარდა და საანგარიშო პერიოდის ბოლოს 1660,7 მლნ ლარი შეადგინა. სარეზერვო ფულის წლიურმა ზრდამ 8,6 პროცენტი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში 61,6 მლნ ლარით გაიზარდა მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფული და მისმა მოცულობამ 1460,4 მლნ ლარი შეადგინა. 2010 წლის მეორე კვარტალში, ფართო ფული M3-ის აგრეგატი 306,2 მლნ ლარით გაიზარდა და 5042,4 მლნ ლარი შეადგინა. ხოლო M2 ფულის მასა ამავე პერიოდში 132,4 მლნ ლარით გაიზარდა და 2347,1 მლნ ლარი შეადგინა. 2010 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებდა მონეტარული ინსტრუმენტების გამოყენებას საბანკო სექტორის ლიკვიდობის მართვისა და ამ სექტორის გაჯანსაღების მიზნით. საანგარიშო პერიოდის დასაწყისში საქართველოს ეროვნული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე არსებული თანხები, წინა პერიოდის მსგავსად, მნიშვნელოვნად აღემატებოდა მინიმალური რეზერვების საშუალოდ დასაცავ ნაშთს. თუმცა,
2010 წლის 29 აპრილს სარეზერვო მოთხოვნების 10%_მდე გაზრდის შედეგად, განსხვავება ამ ორ პარამეტრს შორის მნიშვნელოვნად შემცირდა და რიგ შემთხვევაში უარყოფითიც კი აღმოჩნდა. 2010 წლის მეორე კვარტალი საბანკო სისტემაში ჭარბი ლიკვიდობის შემცირებით აღინიშნა. საანგარიშო პერიოდის მანძილზე ლიკვიდობის კოეფიციენტი 3.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 37.5%