ბიზნესომბუდსმენი შემოსავლების სამსახურს მიმართავს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საგადასახადო შემოწმებისას და საგადასახადო დავის წარმოებისას გამოყენებული იქნეს საერთო სასამართლოების მიერ დადგენილი პრაქტიკა
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს განცხადებით მიმართა საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თაობაზე
როგორც ფინანსური სექტორის წარმომადგენლები განცხადებაში აღნიშავენ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები არარეზიდენტებისგან იღებენ ფინანსურ სახსრებს, რომელსაც შემდეგ ათავსებენ რეზიდენტ საბანკო დაწესებულებებში, საიდანაც იმავდროულად იღებენ სესხს. უცხოური სპეციალიზირებული ფონდებიდან მოზიდული სავალუტო სახსრების ადგილობრივ კომერციულ ბანკებში დეპოზიტების სახით განთავსების მიზანს წარმოადგენს არა საპროცენტო შემოსავლის მიღება, არამედ სავალუტო რისკების დაზღვევა და როგორც რისკების დაზღვევის ყველა მექანიზმი დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან
მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა ფინანსთა სამინისტროს პოზიციას და პალატამ მიიჩნია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ოპერაციები არ წარმოადგენს ერთმანეთთან დაკავშირებულ დასაბეგრ ოპერაციას და თავისი ბუნებით დამოუკიდებელ, ერთმანეთისაგან გამიჯნულ ოპერაციებად განიხილება, საგადასახადო ორგანომ საგადასახადო შემოწმების საფუძველზე კვლავ მიიღო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი პრაქტიკის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება 2 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ, შეუცვალა ოპერაციებს კვალიფიკაცია და დააჯარიმა კომპანიები.
საერთო სასამართლოების სისტემაში დადგენილი პრაქტიკის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება საგადასახადო ორგანოს მიერ პირდაპირ უგულებელყოფს სასამართლოს მიდგომას და პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით, რაც საგადასახადო ორგანოებისთვის იმთავითვე უპერსპექტივოს ხდის ამ საკითხზე დავის წარმოებას სასამართლოში და იწვევს მეწარმე სუბიექტების დროისა და ფულადი რესურსების დაუსაბუთებელ ხარჯვას.
"ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, საგადასახადო შემოწმებისას და საგადასახადო დავის წარმოებისას გამოყენებული იქნეს საერთო სასამართლოების მიერ დადგენილი პრაქტიკა", აღნიშნულია ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.