1 მარტს საფრანგეთში, ქალაქ არლში მდებარე ვინსენტ ვან გოგის ფონდში, ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და ვინსენტ ვან გოგის ფონდის სამხატვრო ხელმძღვანელი ბიჩე ქურიგა უძღვებოდნენ.
ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენა ოფიციალურად დღეს საღამოს გაიხსნება და სამინისტროს მხარდაჭერით მას ვინსენტ ვან გოგის მუზეუმი 1 ივნისის ჩათვლით უმასპინძლებს.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მხატვრისა და ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრები ერთ სივრცეშია წარმოდგენილი. დამთვალიერებელი იხილავს ნიკო ფიროსმანაშვილის 29 ნამუშევარს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან და ვინსენტ ვან გოგის 6 ნამუშევარს, რომლებიც 1884-1889 წლებში შეიქმნა. მათ შორისაა შედევრები, როგორებიცაა „არლელი ქალბატონი“, „ხის მჭრელი“, „ფეხსაცმელები“, „მთესავი ჩამავალი მზის ფონზე“. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება პარიზის ზდანევიჩის ფონდში დაცული ილია ზდანევიჩის ხელნაკეთი წიგნი, სახელწოდებით „ფიროსმანაშვილი 1914". წიგნში შესულია პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული გრავიურა „ფიროსმანის პორტრეტი“.
გამოფენა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, “Infinitart Foundation Vienna" და არლში ვინსენტ ვანგოგის ფონდის ინიციატივით ხორციელდება და მის ფარგლებში თანამედროვე ხელოვნების სივრცე ნიკო ფიროსმანიშვილის შემოქმედებით შთაგონებულ თანამედროვე არტისტთა ნამუშევრებსაც დაეთმობა. დამთვალიერებელი იხილავს ცნობილი იაპონელი არქიტექტორის ტადაო ანდოს მიერ სპეციალურად შექმნილ მაგიდას სახელწოდებით “Table Of Pirosmani”, რომელიც იაპონელმა არტისტმა ფიროსმანაშვილის ხსოვნას მიუძღვნა, აგრეთვე, ჯორჯ ბაზელიცის, იოში მოტონარას, ანდრო ვეკუას, შირანა შაბაზის, კრისტინა ფორერის, ადრიან გენისა და რაფაელა ვოგელის ნამუშევრებს.