ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე სახლში 2017 წელს მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს მერია საცხოვრებელ ბინებს უშენებს.
ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის პროცესს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქალაქ ბათუმის მერთან ერთად გაეცნო.
,,დღეს გავეცანი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის ახალი კორპუსის მშენებლობის პროცესს. ეს არის ერთ-ერთი პროექტი, როცა სახელმწიფომ, თვითმმართველობამ შეძლო მოსახლეობის ინტერესების მყისიერი დაკმაყოფილება. როგორც კონტრაქტორი მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, სამშენებლო სამუშაოები მაისისთვის დასრულდება. დარწმუნებული ვარ, 10-მდე ოჯახი, რომელიც აქ საცხოვრებელს მიიღებს, კმაყოფილი იქნება ახლად აშენებულ კორპუსში შექმნილი პირობებით“- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
მშენებლობას აუქციონში გამარჯვებული კომპანია შპს „ბილდსმორი“ აწარმოებს.
ბაგრატიონის N127-ში მდებარე მიწის ნაკვეთის პრივატიზების მიზნით ბათუმის მერიამ მშენებლობაზე ელექტრონული პირობიანი აუქციონი გამოაცხადა. პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დანგრეული შენობის ადგილას ახალი საცხოვრებელი კორპუსი უნდა ააშენოს, რომელიც დაზარალებულ ოჯახებს საკუთრებაში გადაეცემა.