აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე გამოეხმაურა საინიციატივო ჯგუფის „დაიცავი ძველი ბათუმის“ ბათუმის მერიისადმი მიმართვას და განაცხადა, რომ არცერთი კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება არ არის მიღებული, განსაკუთრებით კი ძეგლების ნგრევასთან დაკავშირებით.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, აჭარის მთავრობა მოქმედებს მარტივი პრინციპით - „ძაღლი ყარავანი მიდის“ და არ აპირებს მიღებული გადაწყვეტილებების შეცვლას, მით უფრო, რომ ეს გადაწყვეტილებები კანონშესაბამისა და ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარეობს.
„ყველა ის უწყება, არის ერთიანი მმართველობის ქვეშ, რა თქმა უნდა, თავისი მანდატით და კომპეტენციით იღებს გადაწყვეტილებებს, მათ შორის თვითმმართველობა, მათ შორის ზონალური საბჭო და ყველა ის უწყება, რომელიც ერთიან მმართველობაში შემოდის. ამავე დროს, მე მოვუწოდებ, რომ კონკრეტული ფაქტებით ვისაუბროთ, სად ხდება კორპუსების ჩადგმა, სად არის საერთოდ ძეგლებთან დაკავშირებით არათანმიმდევრული უკანონო გადაწყვეტილებები მიღებული და, ბუნებრივია, დავინტერესდები. თუმცა მე რაც მაქვს მოკვლეული ძეგლებთან კონკრეტულად დაკავშირებით, არცერთი კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება არ არის მიღებული, განსაკუთრებით კი ძეგლების ნგრევასთან დაკავშირებით. ყველანი ნახავთ, რომ წელს და მომდევნო წელს, მათ შორის კულტურული, მემკვიდრეობის კუთხით, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარებული და მეტი ძეგლის რესტავრაცია განხორციელდება. მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ ვმოქმედებთ ძალიან მარტივი პრინციპით – ძაღლი ყეფს ქარავანი მიდის და არ ვაპირებთ, რომ ამ ტიპის შემოტევების შედეგად ჩვენი გადაწყვეტილებები შევცვალოთ. ყველა გადაწყვეტილება იქნება კანონის შესაბამისი ამ ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
შეგახსენებთ, რომ საინიციატივო ჯგუფის „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრებმა ბათუმის მერიას ღია წერილით მიმართეს, სადაც ისინი ითხოვენ, არ გასცენ ბათუმის ძველ ნაწილში ერთსართული სახლების დემონტაჟის ნებართვა, რათა იქ მრავალბინიანი კორპუსები აშენდეს.