საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა ბრიტანულ ორგანიზაციაში -“British Expertise International” - ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებისა და ინვესტორებისთვის საქართველოს ღია ეკონომიკის, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.
„საქართველო საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების მიერ აღიარებული ლიდერია რეგიონში ბიზნესის კეთებისათვის ხელსაყრელი გარემოს კუთხით. ინვესტორებს პროექტების განხორციელების ფართო შესაძლებლობები ეძლევათ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოებისა და ტურიზმის სფეროებში“ - აღნიშნა პრეზენტაციის მსვლელობისას თამარ ბერუჩაშვილმა.
პრეზენტაციის შემდეგ სტუმრებმა გაერთიანებულ სამეფოში ქართული ღვინის იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანიების Taste of Georgia, Gvino UK, GInVino და Georgian Wine Club - London-ის მიერ წარმოდგენილი ღვინოები დააგემოვნეს.
აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთი ქართული ღვინის ექსპორტისთვის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რასაც უკანასკნელ წლებში ექსპორტის მაჩვენებლების უპრეცედენტო ზრდა მოწმობს (2018 წელს ქართული ღვინის ექსპორტი 33%-ით გაიზარდა).