მაქსიმალურად შევამცირებთ იმ გადამხდელების რაოდენობას რომლებსაც სრული საგადასახადო შემოწმება ჩაუტარდებათ, განაცხადა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ლაშქარაძემ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „საქმიანი დილა“ სტუმრობისას. როგორც მან აღნიშნა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მაქსიმალურად ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს იმ კომპანიების შემოწმების რაოდენობა, რომელიც არ არის მაღალი რისკის მქონე.
„ბიზნესისთვის ყველაზე რთულია საგადასახადო კონტროლი, საგადასახდო შემოწმება, ამიტომ მოწმდება ის კომპანიები, სადაც დარღვევების მაღალი რისკია. უფრო მეტიც, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით შევამციროთ და ძალიან დაბალ პროცენტამდე დავიყვანოთ ე.წ. სრული შემოწმებები, ძირითადი აქცენტი გაკეთდება იმ კონკრეტულ გადასახადზე სადაც მაღალი რისკი იქნა დანახული. ჩვენი კრედო და არსი იმაში არ მდგომარეობს, რომ გადასახადის გადამხდელს დავაკისროთ ჯარიმები და სანქციები. პირიქით, მაქსიმალურად ვიქნებით ორიენტირებული პრევენციაზე“, - აღნიშნა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა.
მისი თქმით, პრევენციისთვის გათვალისწინებული იქნება ბევრი ღონისძიება როგორც შიდა სამსახურეობრივი ქმედებებით, ასევე, უშუალოდ გადამხდელებთან კომუნიკაციის გზით.
„ავუხსნით, სად დავინახეთ რისკი, გავარკვევთ ხომ არ არის ეს უბრალო გადაცდომა ან შეცდომა. მხოლოდ ამის შემდეგ, თუ კომპანია გამოასწორებს, დააზუსტებს წარმოდგენილ დეკლარაციებს, დიდი ალბათობით, რისკის დონე შემცირდება. მეტიც, შემოწმებას დაწყების წინ, ჩვენ ვვარაუდობთ, ეს, რა თქმა უნდა, არ მოხდება ხვალიდან გადამხდელს ვაცნობოთ შემოწმების შესახებ. მივცემთ გარკვეულ ვადას, რათა კიდევ ერთხელ ნახოს წარმოდგენილი დეკლარაციები, დააზუსტოს გარკვეული მონაცემები და მოაწესრიგოს ფინანსური დოკუმენტაცია“, - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ლაშქარაძემ.