ასე დაიწყო კოსმოსური მისიები
მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ქვეყნებმა, კაპიტალის ტექნოლოგიაში ინვესტირება დაიწყეს. ეს პროგრესის მიღწევის გარდაუვალი საჭიროება იყო. ომში ჩართული ქვეყნები, იარაღის დახვეწასა და მისი ზიანით გამოწვეული ეფექტების მაქსიმიზაციას ცდილობდნენ. ერთ-ერთი თვალსაჩინო მიღწევა, შორსმფრენი, დისტანციურად მართვადი ბალისტიკური რაკეტა იყო (Ballistic Missle). წინამორბედებისგან განსხვავებით, ამ რაკეტას, კოსმოსში გასვლა შეეძლო. უცნაურია, თუმცა სწორედ აქ იწყება კოსმოსური და სამთვარეო მისიები.
მეორე მსოფლიო ომის უკანასკნელ წლებში, ნაცისტმა მეცნიერებმა V-2 რაკეტა წარმატებით გამოსცადეს. ეს იყო იმ დროისთვის ყველაზე დახვეწილი აპარატი, რომელმაც კარმანის ხაზი გადაკვეთა. ეს ნიშნული, დედამიწიდან 100 კილომეტრის სიმაღლზე მდებარეობს. მეცნიერები ამ წერტილს დედამიწისა და კოსმოსის საზღვარს უწოდებენ. თუმცა, ფიზიკის თვალსაზრისით, დედამიწის ატმოსფერო მთავრდება მხოლოდ 100, 000 კმ-იან ნიშნულზე.
1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასასრულმა და გერმანიის დამარცხებამ, ნაცისტების მიერ შექმნილი უძლიერესი რაკეტა სასიკვდილო ჩიხში შეიყვანა. ვარნერ ვონ ბრაუნი, გერმანელი მეცნიერი, ცნობილი, როგორც V-2 რაკეტის ძრავის ვირტუალური გონება, სხვა ნაცისტ მეცნიერებთან ერთად ამერიკელებს ჩაბარდა და მუშაობა ყველაზე გასაიდუმლოებულ ოპერაცია - „ქაღალდის სამაგრზე“ დაიწყო. ნაცისტი მეცნიერები ამერიკელებს ეხმარებოდნენ რაკეტების შექმნაში, რომლებიც მომავალში კოსმოსური მისიებისთვის უნდა გამოყენებულიყო.
რა ხდება სამყაროს მეორე ნაწილში და რა შედეგები მოჰყვა ომის დასრულებას?
ომი დასრულდა! გერმანიის დამარცხებით მოპოვებულ ახალ ტერიტორიებსა თუ ხელახალ გადანაწილებულ გავლენის სფეროებს, შენარჩუნება სჭირდება. ორი მსოფლიო ომის შემდეგ, ძალისმიერი მეთოდებს, შედარებითი ტექნოლოგიური უპირატესობის მოპოვება და ახალი, აუთვისებელი სივრცეების დაპყრობის ღიად გამოცხადებული სურვილი ანაცვლებს. მსოფლიოს ორი გიგანტი ქვეყანა, აშშ და საბჭოთა კავშირი, ომს იწყებს არა მიწაზე, არამედ ზემოთ - კოსმოსში.
საბჭოთა კავშირი, ნაცისტური ტექნოლოგიური გარღვევის ნარჩენებით ცდილობს პროგრესის მიღწევას. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ სოციალისტური ქვეყნების კავშირმა, გაცილებით სწრაფად განავითარა ტექნოლოგია.
1950 წლისთვის საბჭოთა კავშირი ქმნის პირველ ინტერკონტინენტალურ ბალისტიკურ რაკეტას, რომელსაც შეუძლია დედამიწის ორბიტაზე გასვლა.
1957 წლის 4 ოქტომბერს, საბჭოთა კავშირი დედამიწის ორბიტაზე უშვებს პირველ სატელიტს, - „სპუტნიკს“. ამერიკელები შეძრწუნებულები არიან არსებული საშიშროებით. ტელევიზიებით გადაიცემა, რომ საბჭოთა კავშირმა ნებისმიერ დროს შეიძლება გამოიყენოს კოსმოსური სატელიტი უპილოტო რაკეტის გასაშვებად. ამ თარიღს, ხშირად „კოსმოსური რბოლის“ დაწყების ოფიციალურ დღედ მოიხსენიებენ.
ამერიკის შეერთებული შტატები, 1957 წლის 6 დეკემბერს, აგზავნის მეორე სატელიტ „ვენგარდს“. რაკეტა, რომელიც ამერიკელი ხალხის „თავდაცვისუნარიანობის გარანტიას“ კოსმოსში მიაქანებდა, მიწიდან 1 მეტრის სიმაღლეზე აფეთქდა. მას ზედმეტსახელიც კი ეწოდა - ფლოპნიკი (სპუტნიკის ტრიუმფის საპირისპიროდ).
ამერიკის შეერთებული შტატები ახდენს ფინანსების ალოკაციას აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულ სააგენტოში (NASA). კოსმოსური მისიებისთვის გაწეული უზარმაზარი ხარჯების მიუხედავად, საბჭოთა მეცნიერები კოსმოსურ რბოლაში მაინც ერთი ნაბიჯით წინ არიან. 1961 წლის 12 აპრილს საბჭოთა კავშირის ასტრონავტი იური გაგარინი პირველი ადამიანია ღია კოსმოსში. 23 დღეში, 1961 წლის 5 მაისს, აშშ დედამიწის ორბიტაზე აგზავნის მეორე კოსმონავტს -ალან შეპარდს. შტატები კვლავ მარცხდება. სწორედ აქ და ამ დროს იწყება კაცობრიობის ისტორიის ყველაზე ამაღელვებელი და ტრიუმფალური პროექტი:
„აპოლო“ – Huston, we have a problem!
1961 წლის 25 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტი, ჯონ კენედი კონგრესში სიტყვით გამოდის, - „მე მჯერა რომ ჩვენს ერს ამ ათწლეულის ბოლომდე (1970-მდე) შეუძლია მიაღწიოს მიზანს - დასვას ადამიანი მთვარეზე და უსაფრთხოდ დააბრუნოს ის დედამიწაზე“. ასე ჩაეყარა საფუძველი „აპოლოს“ მისიას, რომელმაც პირველი ადამიანი ჩაიყვანა მთვარეზე, „კოსმოსურ რბოლაში“ გამარჯვება მოუტანა ამერიკას და 5 ათწლეულით შეაჩერა უპრეცენდენტო ტექნოლოგიური პროგრესი.
Apollo 1- დასასრულით დაწყებული დასაწყისი
კოსმოსში გაფრენა ყოველთვის რისკის შემცველია. მიუხედავად ამისა, „კოსმოსური რბოლით“ შეპყრობილი შტატები 1960-იან წლებში, მკაფიოდ ვერ იაზრებს დედამიწიდან მთვარეზე ჩასვლის უკიდურესად მაღალ საფრთხეებს.
1966 წლისთვის ნასა ანაცვლებს, რამდენიმე დანაყოფის მქონე რაკეტა სატურნ I, უფრო ძლიერი ძრავის მქონე სატურნ IB-ით. რაკეტის ზედა ნაწილში განთავსებული იყო ყველა საკონტროლო მექანიზმი და 3 ასტრონავტისთვის განკუთვნილი ადგილი. ამ დანაყოფს კაფსულა/მოდული ეწოდებოდა.
იმისათვის, რომ „ნასას“ და მისი კონტრაქტორი ფირმას, „ჩრდილოეთ ამერიკულ ავიაციას“ პრეზიდენტ კენედის მიერ დათქმული თარიღი არ დაერღვიათ, სერვისის მოდულში ანთავსებენ ორმაგი გაზის აპარატს. ეს გადაწყვეტილება გუნდმა დროის დაზოგვის მიზნით მიიღო. ამ სისტემის, მოდულის შიგნით დამონტაჟება დროს ზოგავდა, რადგან კაფსულაში დაყენება ნაკლები სიმძიმის მეტალს მოითხოვდა. მოდულში ამ დანადგარის დამონტაჟება საჭიროებდა 100%-იანი ჟანგბადის ჩატუმბვას. ამ პირობებში, ერთი პატარა ნაპერწკალიც კი საკმარისი იყო კაბინაში ხანძრის გასაჩენად. გარდა ამისა, სერვისის მოდულის სარქველი დამონტაჟდა ისე, რომ ავარიული გასახსნელი მხოლოდ შიგნიდან ჰქონდა.
1967 წლის 27 იანვარს, აპოლოს მისიის პირველი სამი კოსმონავტი, ვირჯილ გრისამი, ედუარდ უაითი და როჯერ შაფი, ე.წ. გაშვების წინა გენერალური რეპეტიციისთვის სხდებიან 6 კუბური მეტრის მოცულობის კაბინაში. სარქველის დახურვიდან რამდენიმე წუთში პრობლემების კასკადი იწყება. მოდულის შიგნით თხევადმა აირებმა დაიწყეს გაჟონვა, რასაც დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში მოჰყვა კომუნიკაციის შეზღუდვა. კავშირის აღდგენისას, ვირჯილ გრისამმა, კაბინიდან ირონიული კომენტარიც კი გააკეთა: “როგორ ვაპირებთ მთვარეზე წასვლას თუ ერთმანეთთან კომუნიკაცია 2-3 შენობის დაშორებით არ შეგვიძლია?!”. კავშირის აღდგენიდან ზუსტად 1 წუთში ედუარდ უაითის ტრაგიკული კომენტარი ისმის, - „ კაფსულაში ცეცხლია“, 17 წამში საშინელი ყვირილის ხმები წყდება...
კვლევების თანახმად, გამოვლინდა 5 ტიპის ხარვეზი:
► შეცდომა N1 - სარქველის სახელური მხოლოდ შიგნით იყო დამონტაჟებული;
► შეცდომა N2 - მრავალი აალებადი ნივთიერება განთავსდა კაფსულაში;
► შეცდომა N3 - აალებადი ნივთიერებებით სავსე კაფსულაში ჩაიტუმბა 100-პროცენტიანი სუფთა ჟანგბადი;
► შეცდომა N4 - არ არსებობდა გენერალურ რეპეტიციაზე დაუყოვნებელი ევაკუაციის პროტოკოლი;
► შეცდომა N5 - დიდი წნევა კაბინაში, რომელიც დიტანციურად ვერ იმართებოდა;
სამ ასტრონავტს, იდეალურ შემთხვევაში, 90 წამი დასჭირდებოდა სარქველის გასახსნელად. იმ შიდა კლიმატურ პირობებში, რაც კაფსულაში არსებულმა ჟანგბადმა და წნევამ შექმნა, 30 წამში ყველა ცოცხალი ორგანიზმი დაიღუპებოდა. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. მაშველების დიდი შრომისა და მონდომების ფასად, სამაშველო დრო 5 წუთს გაგრძელდა. რაკეტის შიგნით არსებული ყველა დეტალი დაიწვა, მათ შორის, სამივე ასტრონავტი.
1967 წლის 27 იანვარი ამერიკის კოსმოსური მისიების ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული თარიღია. ამ შემთხვევამ, ფაქტობრივად, გაანადგურა და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მსოფლიოს უპრეცენდენტო ტექნოლოგიური განვითარების შესაძლებლობები.
თუ რა მოხდა ტრაგედიის შემდგომ, როგორ მოახერხეს კოსმონავტებმა მთვარეზე ჩასვლა და რა ბედი ეწია, სინათლის სიჩქარით, მსოფლიოს ტექნოლოგიურ განვითარებას, შეიტყობთ ამ სტატიის მე - 2 ნაწილში... To Be Continued….
მოამზადა თემურ ლეგაშვილმა, საინფორმაციო სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენი“