ხვალ, 18 თებერვალს, 11:00 საათზე, სასტუმრო ,,რუმსში”, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრები, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ხელმძღვანელებს შეხვდებიან. განხილვის მთავარი თემა, კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები იქნება, მათ შორის, ასეთი ტიპის ტენდერების გასაჩივრების მექანიზმთან მიმართებაში არსებული კითხვები. შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან რაზმაძე და სააგენტოს სხვა ხელმძღვანელი პირები, ასევე ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე.
ეს, რიგით მეორე შეხვედრა იქნება, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ეგიდით იმართება. კერძო-საჯარო დიალოგის პლატფორმის ფარგლებში, პირველი შეხვედრა ორი კვირის წინაც შედგა, მაშინ პალატის საბჭოს წევრებმა, შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელებთან შეხვედრის სურვილი გამოხატეს.