გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა დევნილთა საკითხებში ვოლტერ კელინმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში მინისტრთან - კობა სუბელინთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის ძირითადი თემა დევნილთა მიმართ სტრატეგია და სამოქმედო გეგმა იყო.
როგორც ბატონმა კელინმა აღნიშნა, სამოქმედო გეგმის განხორციელების კუთხით საკმაოდ დიდი პროგრესია.
"თბილისში 2 წლის წინ ვიყავი, სამხრეთ ოსეთში კი 1 წლის წინ. ჩემი ჩამოსვლის მიზანი სწორედ დევნილთა მიმართ სამოქმედო გეგმის განხორციელების ეტაპებია. მაინტერესებს ამ მხრივ რა ხდება. მინდა ავღნიშნო, რომ მინისტრთან საკამაოდ პროდუქტიული შეხვედრა მქონდა და ამომწურავი ინფორმაციები მივიღე. სამოქმედო გეგმის განხორციელების მხრივ საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა. ხვალ კი სოხუმში გავემგზავრები", _ განაცხადა კელინმა.
კობა სუბელინმა დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია დევნილებისთვის დაკანონებულ ფართებზე, რეაბილიტირებულ ობიექტებსა და სამოქმედო გეგმის ეტაპებზე. როგორც მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, თითოეული მსგავსი ვიზიტი და განცხდაბა დეოკუპაციის პროცესის მომწიფებაზე მიანიშნებს.
"ბატონი კელინი დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის ერთ-ერთი ავტორია. სტრატეგია მისი მოღვაწეობის პერიოდში მივიღეთ და ამით ძალიან ბედნიერი იყო. ვერ წარმოიდგენდა, თუ სტრატეგია ასეთი ტემპებით განხორციელდებოდა. ასევე გაეცნო პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე დევნილებისთვის დაკანონებული ფართების სტატისტიკას. თბილისში დაახლოებით 300-მდე ობიექტი დაკანონდა. რეგიონებში კი ეს პროცესი ეხლა იწყება. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ აფხაზეთში მიემგზავრება. მთელი დევნილი საზოგადოებისთვის საყურადღებო იქნება რა მესიჯებს ჩამოგვიტანს. ფაქტი ის არის, რომ დეოკუპაციის სიტუაცია მწიფდება და ეს ერთ მშვენიერ დროს ალბათ მოხდება. ყოველი ასეთი თითოეული ვიზიტი და განცხადება საკითხის მომწიფების პროცესზე მიუთითებს", _ განაცხადა სუბელიანმა.
დელეგაცია შეხვდრებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და გაეროს ოფიციალურ პირებთანაც გამართავს. ვიზიტის დასრულებისას, 16 სექტემბერს კი ყველა შეხვედრას შეაჯამებს