ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის სამუშაო შეხვედრაში „2030 წლის მდგრადი განვითარების მიზანი 7“ და მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა. შეხვედრა 14 თებერვალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე და აზიისა და წყნარი ოკეანეთის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UN ESCAP) ენერგეტიკული მიმართულების ხელმძღვანელი ჰონგპენ ლიუ და ამავე ორგანიზაციის ექსპერტები.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2030 წლისათვის მიზნების შესრულებისთვის გაეროს სხვადასხვა კომისიები, მათ შორის, აზიისა და წყნარი ოკეანეთის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისია (UN ESCAP) ქვეყნებს ენერგეტიკის სექტორის გარდაქმნის პროცესში ეხმარებიან.
ამჟამად, UN ESCAP - ის მიერ მიმდინარეობს ქვეყნების ენერგოსექტორის გარდაქმნის გზამკვლევზე მუშაობა, რომელიც მათ „2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების 7“ (SDG 7) მიღწევაში დაეხმარება. მათ შორისაა, თანამედროვე, საიმედო ენერგოსერვისებზე წვდომის უზრუნველყოფა ხელმისაწვდომ ფასად; ენერგეტიკულ ბალანსში განახლებადი ენერგიის წილის მნიშვნელოვანი ზრდა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება.