15 თებერვალს, ქუთაისში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ეგიდით, იმერეთის რეგიონული ოფისის განახლებულ შენობაში, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, დასავლეთ საქართველოს რეგიონული ბიზნეს-ფორუმი გაიმართება. ოფისის სივრცეში, ასევე განთავსებულია პალატის ,,DCFTA საინფორმაციო ცენტრის“ ქუთაისის ოფისიც.
ღონისძიებას გახსნის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, შესავალი სიტყვით და პრეზენტაციით წარსდგებიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსი, ბ-ნი ვინსენტ რეი, ასევე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აკადემიის ერთობლივი პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე, ისაუბრებს პროექტის მენეჯერი კნუტ გერბერი.
რეგიონული ფორუმის ფარგლებში, მეწარმეებს დასავლეთ საქართველოს რეგიონებიდან, საშუალება მიეცემათ შეხვდნენ ეკონომიკის მინისტრს, გაუზიარონ საკუთარი პრობლემები და რეგიონული ბიზნესისისთვის აქტუალური საკითხები, ასევე მოისმინონ სამთავრობო ხედვები. ფორუმს, დასავლეთ საქართველოს რეგიონებიდან 200-მდე მეწარმე დაესწრება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია პრეზენტაციები და დისკუსიები, რომელიც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მიმდინარეობას და ამ გზაზე არსებულ გამომწვევებს უკავშირდება. მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას იმ პროგრამებისა და ინსტრუმენტების შესახებ, რომლებიც ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს DCFTA-ს მოთხოვნებთან ადაპტირების პროცესში და შეამზადებს მათ ევროკავშირში ექსპორტისთვის. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარომადგენლები დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებენ ინფორმაციას DCFTA საინფორმაციო ცენტრის საკონსულტაციო და ტრენინგ-სერვისების, ტექნიკური და პროფესიული განათლების სერვისების შესახებ, რომლებიც პალატის იმერეთის რეგიონის ოფისშია ხელმისაწვდომი ადგილობრივი მეწარმეებისთვის.
ფორუმის თანაორგანიზატორები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტი „მცირე და საშულო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (IHK) აკადემია.
რაც შეეხება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის განახლებულ ოფისს, ეს იქნება სივრცე დასავლეთ საქართველოში მომუშავე მეწარმეებისთვის, ერთგვარი ბიზნეს-ცენტრი დასავლეთ საქართველოში. ეს სივრცე მეწარმეებს საშუალებას მისცემს, დაამყარონ საქმიანი კომუნიკაცია, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმებში, საკუთარ რეგიონში და გამართონ საქმიანი შეხვედრები, ასევე მიიღონ კვალიფიციური კონსულტაციები, მათთვის საჭირო და აქტუალურ საკითხებზე.