მთავრობის თავმჯდომარის ესტონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ტალინის უნივერსიტეტის რექტორთან ტიიტ ლანდთან, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის TalTech-ის ვიცერექტორთან ჰენდრიკ ვოლთან და ინოვაციებისა და ბიზნეს ცენტრის „MEKTORY” წარმომადგენლებთან. შეხვედრებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციის მხრიდან ესწრებოდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში.
მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ესტონეთის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მათი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების მნიშვნელობაზე ,,ჩვენი ახალგაზრდები უკეთ გაიცნობენ ინოვაციურ ტექნოლოგიებს და მიიღებენ გამოცდილებას, რომელიც გამოადგებათ როგორც მათი კონკრეტული მიზნების მიღწევაში, აგრეთვე ჩვენი ქვეყნის სამსახურში.“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
უახლოეს მომავალში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ კამპუსში გაიხსნება ტექნოპარკი, რაც ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობას მისცემს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს, რაც გულისხმობს ურთიერთობების გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება მედიცინის, საერთაშორისო ურთიერთობებს და ტურიზმს სფეროებს მიექცევა. ბათუმისა და ტალინის უნივერსიტეტებს შორის იგეგმება არსებული მემორანდუმის განახლება და ახალი მემურანდუმის ფარგლებში ონლაინ ბიბლიოთეკის პროგრამის შემუშავება და განხორციელება.
მთავრობის მხრიდან არაერთხელ დაანონსდა, რომ განათლებული ახალგაზრდობა იქნება მთავარი პრიორიტეტი ინკლუზიური ეკონომიკის განვითარების პროცესში. ესტონეთში ოფიციალური ვიზიტი ახალგაზრდების ხელშეწყობას და მათთვის მეტი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება.