8 თებერვალს, ჰაიდელბერგცემენტის მოდერნიზებული კასპის ცემენტის ქარხნის და კლინკერის ახალი საწარმოო ხაზის ოფიციალური გაიხსნის ცერემონიალი გაიმართა. პროექტი საქართველოს ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის და ჰანიველ პარტნერსის მხარდაჭერით განხორციელდა.
კასპის ქარხნის მოდერნიზაციის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და მის განსახორციელებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია გამოიყო. პროექტი უახლესი ტექნოლოგიებით კლინკერის წარმოების მშრალი ხაზის მშენებლობას გულისხმობს, რაც, თავის მხრივ, საწარმოო ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებას და წარმადობის ზრდას განაპირობებს. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა უმაღლესი სტანდარტის ფილტრაციის სისტემა და ემისიების მუდმივი მონიტორინგის სპეციალური აპარატურა, რომლის საშუალებითაც საწარმო მტვრისა და გამონაბოლქვის რაოდენობის გაკონტროლება ონლაინ რეჟიმში იქნება შესაძლებელი.
„თავდაპირველად მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, ეკონომიკურად გამართული პროექტების დაფინანსება, რადგან წარმატებული კერძო სექტორი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა. ჰაიდელბერგცემენტს საქართველოს ბაზარზე 12 წლიანი წარმატებული ისტორია აქვს. ამიტომ, ჩვენთვის ორმაგად სასიხარულო და საამაყოა, მხარი დავუჭიროთ არსებული ბიზნესის კიდევ უფრო მეტად განვითარებას. ამ კონკრეტულ პროექტში ბანკის მხრიდან გაცემული დაფინანსების მოცულობა შეადგენდა 20 მლნ. აშშ დოლარს. ვფიქრობთ, საქართველოს ბანკისა და ჰაიდელბერგცემენტის პარტნიორობის შედეგად განხორციელებული ინვესტიცია, ასევე, ახალი საწარმოო ხაზის გახსნა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომპანიის სამომავლო განვითარებას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
„პროექტს რამდენიმე დიდი სარგებელი ექნება: ბევრად უფრო ეფექტური წარმოება გაცილებით ნაკლები ენერგოდანახარჯი; მაღალი ენერგოეფექტურობის ხარისხი; გაზრდილი წარმადობა (3000 ტონა კლინკერი დღეში, რაც კასპში არსებული ყველა ღუმელის ერთად აღებულ წარმოებაზე მეტია); კლინკერის ხარისხის ავტომატური კონტროლი და მართვის ცენტრალიზებული სისტემა. ახალი ტექნოლოგიების წარმოდგენის გარდა, პროექტი ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის - ის გააუმჯობესებს ქვეყნის სავაჭრო ბალანსს და უზრუნველყოფს გარემოზე ზემოქმედების მინიმიზაციას“,-განაცხადა „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ ტექნიკურმა დირექტორმა, ზაზა სადუნიშვილმა.
„საქართველოს ბანკის და ჰაიდელბერგცემენტის თანამშრომლობა ათეულ წელზე მეტს ითვლის. ამ წლების განმავლობაში საქართველოს ბანკი იყო ჰაიდელბერგცემენტის საიმედო პარტნიორი ფინანსური ორგანიზაცია საქართველოში“, - განაცხადა „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ ფინანსურმა დირექტორმა, ეკა ტყეშელაშვილმა.