საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კასპის ცემენტის მოდერნიზებული ქარხანა დაათვალიერა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქარხანა კიდევ ერთი გზავნილია საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, რომ საქართველოში ბიზნესის წარმოება არის დაცული. პრემიერ-მინისტრის თქმით, ობიექტი საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი სტიმულის მიმცემი იქნება.
„კასპში ცემენტის წარმოებას დიდი ტრადიცია აქვს და ჩემთვის სასიხარულოა, რომ აქ ახალ თანამედროვე ხაზს ვხსნით. საქართველოში ცემენტის წარმოება ყოველთვის ტრადიციული ინდუსტრია გახლდათ და ჩვენ გვჭირდებოდა ახალი ტექნოლოგიები, იმისათვის, რომ ეს სექტორი კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი ყოფილიყო“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
კომპანია „ჰაიდელბერგცემენტმა“ კასპის ცემენტის ქარხნის სრული მოდერნიზაცია მოახდინა და კლინკერის ახალი საწარმოო ხაზი გახსნა. ქარხნის მოდერნიზაციის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და მის განსახორციელებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია გამოიყო. პროექტი საქართველოს თანაინვესტირების ფონდისა და კომპანია „ჰანიველ პარტნერსის“ მხარდაჭერით განხორციელდა.
პროექტი უახლესი ტექნოლოგიებით კლინკერის წარმოების მშრალი ხაზის მშენებლობას გულისხმობს, რაც, თავის მხრივ, საწარმოო ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებას და წარმადობის ზრდას განაპირობებს. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა უმაღლესი სტანდარტის ფილტრაციის სისტემა და ემისიების მუდმივი მონიტორინგის სპეციალური აპარატურა, რომლის საშუალებითაც საწარმო მტვრისა და გამონაბოლქვის რაოდენობის გაკონტროლება ონლაინ რეჟიმში იქნება შესაძლებელი.
ღონისძიებას გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ კნირში, „ჰაიდელბერგცემენტის ჯგუფის“ კომპანიის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი დოქტორი ბერნდ შაიფელე, „ჰაიდელბერგცემენტის ჯგუფის“ ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორი და კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი დოქტორი ალბერტ შოიერი, „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი მიხაელ ჰამპელი, თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი და „ჰანიველ პარტნერსის“ დირექტორი ირაკლი რუხაძე ესწრებოდნენ.