უზბეკეთის ეროვნული ავიაგადამზიდავი Uzbekistan Airways-ი ტაშკენტიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულებას იწყებს.
უზბეკური მედია, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ პირდაპირი ფრენები უზბეკეთ-საქართველოს შორის წლის ბოლომდე დაიწყება, რაზეც საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტისას იქნა მიღებული.
შეხვედრაზე უზბეკურმა მხარემ საქართველოს დელეგაციასთან უზბეკური ავიაკომპანიისათვის „მეხუთე ჰაერის თავისუფლების” საკითხი დააყენა. თავის მხრივ „მეხუთე ჰაერის თავისუფლება” ნიშნავს: ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიაგადამზიდველის უფლებას, განახორციელოს მგზავრების აყვანა, ტვირთის, ბარგის და ფოსტის ატანა მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე, მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე მათი გადაყვანა–გადაზიდვის მიზნით.
აღსანიშნავია, რომ თბილისსა და ტაშკენტს შორის პირდაპირი ფრენები სსრკ-ს დაშლის შემდეგ აღარ განხორციელებულა.