დაგროვებითი პენსიის სისტემა წარმოადგენს ამბიციურ პროექტს საქართველოს რეალობისთვის, აცხადებს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე. მისი განმარტებით, გრძელვადიანი რესურსი, რომელიც დასაქმებულის, დამსაქმებლის და სახელმწიფოს 2-2%-იანი დანაზოგების აკუმულირებით შეიკრიბება სტიმული გახდება ქართული კაპიტალის და ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომი განვითარებისთვის.
"მიუხედავად 40 წელს გადაცილებული მოქალაქეების ნებაყოფლობითობისა, ჩაერთონ თუ არა საპენსიო სქემაში დარწმუნებული ვართ რომ დასაქმებულთა უმეტესი ნაწილი დადებითად გადაწყვეტს აღნიშნულ საკითხს. სახელმწიფოს მზაობა, გრძელვადიანი პერიოდის განმავლობაში დააბანდოს გადასახადებიდან შემოსული თანხის ნაწილი მოქალაქეების უზრუნველი სიბერის უზრუნველსაყოფად მისასალმებელია, დარწმუნებული ვართ უახლოეს პერიოდში ვიხილავთ არაერთ ინიციატივას, რომელიც ასევე მოიცავს თვითდასაქმებულების და უმუშევრების საპენსიო სქემების დაახლოებას დასაქმებული პირების დაგროვებით პენსიასთან", აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.