28 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით თბილისი რიგით 22-ე ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს. წლევანდელი ფესტივალის ჰედლაინერია 20 გრემის ჯილდოს მფლობელი, ლეგენდარული ამერიკელი ჯაზ გიტარისტი პეტ მეთინი. ფესტივალში ასევე მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, თბილისის მერიის ბიგ-ბენდი და კონსერვატორიის ჯაზის ფაკულტეტის სტუდენტები, რევაზ კიკნაძის ხელმძღვანელობით.
თბილისის 22-ე ჯაზ-ფესტივალი 28 თებერვალს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში ახალი პროექტით Tbilisi Big-Band & New Jazz Generation გაიხსნება. ეს იქნება კონცერტი, სადაც ძველი თაობა შეხვდება ახალს და სხვადასხვა თაობის მუსიკოსები მსმენელს ჯაზურ-კომპოზიციებს შესთავაზებენ.
1 მარტს, კი ივენთ ჰოლის სცენას, ლეგენდარული პეტ მეთინის ტრიო დაიკავებს, რომლის შემადგენლობაში, ცნობილ ჯაზ-გიტარისტთან ერთად, მუსიკოსები დერეკ ოლეჟკიევიჩი და ჯონათან ბარბერი არიან.
ფესტივალი 2 მარტს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, პეტ მეთინისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტით დაიხურება. უნიკალური პროექტის ფარგლებში, ლეგენდარული პეთ მეთინი მსმენელის წინაშე პროექტით - Missouri Skies and More წარდგება.