5 თებერვალს საერთაშორისო საზოგადოება „უსაფრთხო ინტერნეტის დღეს" აღნიშნავს (Safer Internet Day - SID), რასაც საქართველო წელს პირველად უერთდება. ამ დღესთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროს და ISOC-საქართველოს თანაორგანიზებით დაგეგმილია ღონისძიებები სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით.
10.00 საათზე სასტუმრო „რუმსი თბილისი"-ში გაიმართება ღონისძიება, რომელშიც მონაწილოებას მიიღებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს", ISOC-საქართველოს და სხვა სამთავრობო და არასამთვარობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გაკეთდება თემატური პრეზენტაციები.
„უსაფრთხო ინტერნეტის დღე" 2005 წლიდან ყოველ თებერვალს აღინიშნება "ინსეიფ/ინჰოუპ" (Insafe/INHOPE) ერთობლივი ქსელის ორგანიზებით და ევროკომისიის მხარდაჭერით. ის წარმოადგენს გლობალურ მოძრაობას, რომელიც ეძღვნება უსაფრთხო ინტერნეტგარემოს შექმნას, განსაკუთრებით ბავშვებისთვის და ახალგაზრდა თაობისთვის. ღონისძიება ჩვეულებრივ იმართება თებერვლის მეორე კვირის მეორე დღეს. მას ყოველწლიურად უერთდება მილიონობით ადამიანი, რომლებიც მონაწილეობენ სხვადასხვა აქტივობებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ღონისძიებაში ჩართულობა ემსახურება ერთ მიზანს - ხელი შეუწყოს ინტერნეტში უსაფრთხოების საკითხების შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლებას და პოზიტიურ ცვლილებებს ციფრულ სამყაროში.
„უსაფრთხო ინტერნეტის დღის" მიზანია უსაფრთხო და უკეთესი ინტერნეტსივრცის შექმნა და ინტერნეტში უსაფრთხოების საკითხების შესახებ ინფორმირებულობის და „ციფრული წიგნიერების" დონის ამაღლების ხელშეწყობა, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებში, ასევე მათ მშობლებსა და პედაგოგებში, მათთვის შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღეს საქართველო მრავალფეროვანი აქტივობებით უერთდება. 16:00 საათზე თბილისის ტექნოპარკში, ამ დღესთან დაკავშირებით გაიმართება ერთდღიანი ტრენინგები: კიბერსუფართხოება - უფროსკლასელებისთვის; კიბერბულინგი - მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის და მანდატურებისთვის. ტექნოტრენინგი ლაივსტრიმის მეშვეობით გადაიცემა საქართველoს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინოვაციების ცენტრებსა და ტექნოპარკებში. თბილისის რამდენიმე სკოლაში ჩატარდება შესაბამისი თემატური ტრენინგები, ასევე ტრენინგს ჩაატარებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია რუსთავის მიუსაფარ ბავშვთა სახლის ბენეფიციარებისთვის. ამასთან, სსიპ „112"-ში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ მოსწავლეებისთვის ჩატარდება „ვორქშოპი", ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ჩატარდება ტრენინგი თემაზე - ,,მოზარდი, ინტერნეტუსაფრთხოება, მშობელი'', საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს" წარმომადგენლები ჩაატარებენ ტრენინგს და სხვა.