ავტომობილის მფლობელებს ახალი გადასახადის გადახდა მოუწევთ. კანონპროექტი პარლამენტში ინიცირებულია და ამოქმედება 2019 წლის პირველი ივლისიდან არის გათვალისწინებული. ცვლილებების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.
კანონპროექტის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებული იქნება საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა დააზღვიოს. აღნიშნული დაზღვევის გარეშე გადაადგილებისთვის მძღოლი დაჯარიმდება.
სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევით, მზღვეველი ვალდებულებას იღებს, მატერიალური ზიანი აანაზღაუროს, რომლის გადახდა ეკისრება მფლობელს ან მძღოლს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას და მისი მონაწილეობით დაზარალებულის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისთვის მიყენებულ ზიანზე.
კანონპროექტში განსაზღვრულია წლიური დაზღვევის ღირებულება ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით.
მოტოციკლისთვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია – 75.00 – 110.00 ლარი; მსუბუქი ავტომობილისთვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო ადგილების რაოდენობა 8-ს არ აღემატება – 100.00 – 150.00 ლარი; ავტობუსისათვის, რომლის ადგილების რაოდენობა 8-ს აღემატება –160.00 – 240.00ლარი; სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება–210.00-310.00ლარი; მისაბმელისათვის – 50.00-75.00 ლარი; სასოფლო-სამეურნეო მანქანისთვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისთვის – 60.00-90.00 ლარი.