ჯორჯ ბალანჩინი, იგივე გიორგი ბალანჩივაძე, რომანტიკოსი, კლასიკოსი, ინტელექტუალური მოდერნისტი, რომელმაც დააფუძნა პირველი ჭეშმარიტი ამერიკული ბალეტი, 1904 წლის 22 იანვარს პეტერბურგში დაიბადა.
ჯორჯ ბალანჩინი, რომელიც ბალეტის სამყაროში უდიდეს თანამედროვე ქორეოგრაფად ითვლება, აშშ-ში მოღვაწეობას 1933 წლის ბოლოდან შეუდგა. უდიდესი ქართველი კომპოზიტორის, ქართული საოპერო მუსიკის ფუძემდებლის მელიტონ ბალანჩივაძის ვაჟმა, მუსიკისა და ხელოვნებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ბავშვობიდანვე გამოავლინა.
მუსიკალური განათლება სანქტ პეტერბურგის კონსერვატორიაში მიიღო. ბალანჩინის ცეკვის დებიუტი 10 წლის ასაკში შედგა, როდესაც მან მარინის თეატრის საბალეტო წარმოდგენაში „მძინარე მზეთუნახავი“ იცეკვა.
1924 წლის ზაფხულში ბალანჩინმა, სამ სხვა მოცეკვავესთან ერთად დასავლეთ ევროპული ტურისთვის, საბჭოთა კავშირი დატოვა. ახალგაზრდა მოცეკვავეები ცნობილმა ქორეოგრაფმა სერგეი დიაგილევმა საკუთარ საბალეტო დასში (Ballets Russes) მიიწვია პარიზში. ბალანჩინი დიაგილევთან მისი საბალეტო დასის დაშლამდე, 1929 წლამდე მუშაობდა. ამ პერიოდის განმავლობაში, ბალანჩინმა მუხლის ტრავმა მიიღო, რამაც ის „იძულებული გახადა“ ცეკვიდან მთელი ყურადღება ქორეოგრაფიაზე გადაეტანა. აღსანიშნავია, რომ ბალანჩინმა გვარის ეს ფორმა სერგეი დიაგილევის რჩევით აიღო.
ამის შემდეგ, ბალანჩინი სხვადასხვა ქორეოგრაფიულ პროექტებში იღებდა მონაწილეობას, დანიაში, დიდ ბრიტანეთსა და მონაკოში, სადაც ის შეხვდა ქართული წარმომავლობის ბალერინას თამარ თუმანოვას (იგივე თამარ თუმანიშვილი).
1932 წელს ჯორჯ ბალანჩინმა სპეციალურად თამარასთვის შექმნა ახალგაზრდა გოგონას სახე ბალეტში „Cottilon“, რომელიც პარიზის ოპერის სცენაზე დაიდგა. ამავე წელს თამარამ მონაწილეობა მიიღო ბალეტში „Concurrence“ და „Le Bourgeois“, რომლებმაც თამარა ვარსკვლავად აქციეს. ამავე 1932 წელს სპეციალურად თამარასთვის ჯორჯ ბალანჩინმა შექმნა ბალეტი „Le Palaid de Cristal“ — „ბროლის სასახლე“, რომელიც ასევე დაიდგა პარიზის ოპერის სცენაზე. ეს ბალეტი მოგვიანებით ჯორჯ ბალანჩინმა ნიუ-იურკ-სითი ბალეტისთვის თავიდან დადგა, შეუცვალა სათაური და ცნობილი გახდა სახელწოდებით „Symphony in C“. პარიზის პრესამ თამარა თუმანოვას ბალეტის შავი მარგალიტი შეარქვა.
1933 წელს ჯორჯ ბალანჩინი დაბრუნდა პარიზში, სადაც დააფუძნა საბალეტო სტუდია Les Ballets.
იმავე წელს ის მიიწვიეს აშშ-ში, სადაც ამერიკელ იმპრესარიო ლინკოლნ კირშტეინთან ერთად შექმნა „ამერიკული საბალეტო სკოლა“, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა საბალეტო დასი (1948-იდან „ნიუ-იორკ სიტი ბალე“). მათი თანამშრომლობა 50 წლის მანძილზე გაგრძელდა. ბალანჩინი საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო.
ბალანჩინი ასევე თანამშრომლობდა და ქმნიდა ქორეოგრაფიულ დადგმებს ჰოლივუდური ფილმებისა და ბროდვეის მიუზიკლებისთვის. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცნობილ კომპოზიტორთან იგორ სტრავინსკისთან თანამშრომლობდა.
ჯორჯ ბალანჩინს დადგმული აქვს ასზე მეტი საბალეტო სპექტაკლი ბუენოს–აირესის, კოპენჰაგენის, ლონდონის, მილანის და სხვა ქალაქების თეატრებში. მის მიერ განხორციელებული საუკეთესო დადგმებია: ს.პროკოფიევის „უძღები შვილი“, სტრავინსკის „ორფევსი“, „აპოლონი, მუზათა მბრძანებელი“, „აგონი“, „ბროლის სასახლე“, „ბალე იმპერიალი“ (ჩაიკოვსკის მუსიკის მიხედვით) და სხვა. მათ შორის ყველაზე წარმატებული ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ აღმოჩნდა, რომლის შესრულება ამერიკის შეერთებულ შტატებში საშობაო ტრადიციად იქცა.
დიდი ბალანჩინი ყოველთვის ხაზს უსვამდა თავის ქართველობას და ამით ძალიან ამაყობდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ჯორჯ ბალანჩნისა და მისი ძმის, ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ანდრია ბალანჩივაძის შეხვედრა 1962 წელს ლენინგრადში, როდესაც ნიუ-იორკის საბალეტო დასი გასტროლებზე იმყოფებოდა. ანდრია ბალანჩივაძე მრავალწლიანი განშორების შემდეგ თბილისიდან საგანგებოდ ჩავიდა ლენინგრადში ძმის სანახავად. როგორც მოგვიანებით, ანდრია ბალანჩივაძე იხსენებდა, თვითმფრინავიდან გამოსვლის შემდეგ "ის პირდაპირ ჩემსკენ გამოემართა, ყველა ტიროდა"... მოგვიანებით, ძმებმა გააგრძელეს ურთიერთობა და ხვდებოდნენ კიდეც ერთმანეთს, გადაწყვეტილი ჰქონდათ ანდრიას მუსიკაზე ბალეტის დადგმა, თუმცა კომპოზიტორის გარდაცვალებამ ამ გეგმას წერტილი დაუსვა.
60-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირსა და დასავლეთს შორის ჩამოფარებულმა „რკინის ფარდამ“ რღვევა დაიწყო, ჯორჯ ბალანჩინი ორჯერ ჩამოვიდა საქართველოში და კონცერტები ჩაატარა. წლების შემდეგ მას მიეცა საშუალება, საკუთარი ოჯახის წევრები ენახა. ბალეტმაისტერი რამდენჯერმე იყო დაქორწინებული, თუმცა შვილი არასოდეს ჰყოლია.
ჯორჯ ბალანჩინი 1983 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია ნიუ-იორკში, ოკლენდის სასაფლაოზე. ანდერძის თანახმად, მისი ქონება საბალეტო დასის მოცეკვავეებს გაუნაწილდა.