ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია „Wucher Helikopter Gmbh“-ზე ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელების ნებართვა გასცა.
სააგენტოში
შემოტანილი განაცხადის მიხედვით, ავსტრიული კომპანია „Wucher Helikopter Gmbh“ მიმდინარე წლის 15 იანვრიდან 15 აპრილამდე გუდაურის, მესტიისა და გოდერძის საკურორტო ზონებში განახორციელებს ოპერირებას, კერძოდ კი 3 ერთეული AS 350 B3 Ecureuil-ის ტიპის თანამედროვე ვერტმფრენებით „Heli-skiing” ტურებს მოემსახურება, რაც ვერტმფრენებით მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისაგან წინასწარ დაკომპლექტებული ტურისტული ჯგუფების გაუკვალავ თოვლში გადასხმას და მათთვის თხილამურებით სრიალისა და სნოუბორდინგის ორგანიზებას გულისხმობს. ნებართვა „Wucher Helikopter Gmbh“-ზე, რომელიც საქართველოს ზამთრის საკურორტო ზონებში 2013 წლიდან ოპერირებს, 2019 წლის 4 იანვარს გაიცა.
ფრენები დაიშვება ხელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში და ვიზუალური ფრენის წესებით (VFR).
კომპანიის ოპერირება ხელს შეუწყობს უცხოელი ტურისტების მოზიდვას საქართველოს სათხილამურო კურორტებზე და უზრუნველყოფს ზამთრის ტურიზმისათვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას.
აქვე ავღნიშნავთ, რომ ქართული კომპანიებისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე იგივე საქმიანობის განხორციელება დაშვებულია გამარტივებული პირობებით - ოპერირების დაწყებამდე ფრენის გეგმის (Flight Plan) მიწოდებით შპს „საქაერონავიგაციისთვის“.