ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე პოლიციელის მიერ მის მიმართ შესაძლო მუქარის საქმეზე ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციაში გამოკითხეს.
სარალიძის განცხადებით, პარლამენტთან გუშინ პოლიციელი მივიდა, რომელმაც თავი ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის განყოფილების უფროსად წარუდგინა და მისივე თქმით, იქ მყოფებს უთხრა, რომ რამდენიმე პირის მიმართ, მათ შორის მალხაზ მაჩალიშვილისა და ზაზა სარალიძის ძმის მიმართ, სამართალდამცველის შეურაცხყოფის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
„გამოცხადდა პოლიციელი, რომელიც აცხადებს, რომ არის ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილების უფროსი, მაგრამ კონკრეტულად არ ასახელებს, რომელი განყოფილების. აქციის მონაწილეთაგან ჩამოთვალა რამდენიმე პირი, მათ შორის მე, ჩემი ძმა და მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომ ხულიგნობის ფაქტზე უნდა დავეკავებინეთ. შემდეგ როგორც გავარკვიეთ, ეს არის გიორგი გადელია, არ ვიცი, რა თანამდებობას იკავებს პოლიციაში. მას ხშირად გამოუჩენია ჩემს დარბევაში ინიციატივა. განმარტა, რომ 11 სექტემბრიდანაა დაწყებული ძიება, შეიკრიბება ყველაფერი და ხულიგნობის ფაქტზე დაგიჭერთო. ასე პოლიციელს შეუძლია, ნებისმიერი ადამიანი გააჩეროს და უთხრას, რომ ხულიგნობის ფაქტზე მეორე დღეს დაიჭერს“, – განუცხადა სარალიძემ ჟურნალისტებს პოლიციიდან გამოსვლის შემდეგ.