ეს 6 წელი უქმად არ გამიტარებია. გარდა იმისა, რომ სხვა ბევრ კანონზე ვმუშაობდი, რეგლამენტსაც კარგად ვიცნობ და ბევრიც ვიმეცადინე სხვებისგან განსხვავებით, რომ რეგლამენტის ყველა ნორმა ვიცოდე, რა შემთხვევაში რომელი ნორმა მოქმედებს და კონკრეტულ სიტუაციაში როგორ უნდა მუშაობდეს პარლამენტი, - ამის შესახებ ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული უცნაური ამბები ხდებოდა კომიტეტის სხდომამდე, შესაძლებელი გახდა რეგლამენტის დაცვით არჩევნების მეორე ტური ჩატარებულიყო, სადაც გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.
„მე კომიტეტს მივეცი შესაძლებლობა ემსჯელა და კენჭი ეყარა არა ერთი, არამედ სამი კანდიდატისთვის. ახლა კომიტეტს ჰყავს პირველი მოადგილე, რომელიც შეასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას იქამდე, ვიდრე პარლამენტი თავმჯდომარეს არ აირჩევს საგაზაფხულო სესიაზე. ამ კომიტეტის თავმჯდომარე უნდა იყოს ადამიანი, ვინც პრინციპულად დაიცავს იმ ფასეულობებსა და ღირებულებებს, რომელსაც კომიტეტი და პირადად მე ვიცავდი. თავმჯდომარე უნდა იყოს ის ადამიანი, რომელსაც ასევე პრინციპული პოზიცია ექნება ისეთ საკითხთან მიმართებაში, როგორიც არის მართლმსაჯულების რეფორმა. მე არ დავუჭერ არცერთ იმ ადამიანის კანდიდატურას მხარს კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე, რომელიც ამ პრინციპებიდან გადაუხვევს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩიეს. დავით მათიკაშვილი ეკა ბესელიას თავმჯდომარის პირველი მოადგილის რეგლამენტის დარღვევით არჩევაში ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, ეკა ბესელია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს.