23 დეკემბერს 15:30 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (მესამე კორპუსი, საგამოფენო დარბაზი) საახალწლო წიგნის ფესტივალზე საბავშვო გამომცემლობა „ზებრა“ ახალი წიგნების პრეზენტაციას გამართავს.
გამომცემლობა „ზებრა“, „სტუდია ველოსიპედთან“ ერთად, პატარა მკითხველებს საახალწლოდ დიდ სიურპრიზს უმზადებს - საგანგებოდ წიგნის ფესტივალისთვის ყველა ბავშვისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი პერსონაჟი ჟირაფი ჟოზე მულტფილმიდან წიგნის ფურცლებზე გადმოინაცვლებს. ჟირაფი ჟოზე და მისი მეგობრები ახლა სხვადასხვა ალბომებისა და წიგნების მეშვეობით იზრუნებენ პატარა მკითხველების განვითარებაზე და ამოგზაურებენ მათ შემეცნებისა თუ თავგადასავლების სამყაროში.
წიგნის ფესტივალზე გამართულ პრეზენტაციაზე ერთდროულად წარმოდგენილი იქნება წიგნების რამდენიმე სერია, რომლებიც თავს უყრის გასაფერადებლებს, დასაკრავებიან ალბომებებს, ინგლისურ-ქართულ ლექსიკონს, მრავალმხრივი აქტივობებისა და მუყაოსგან დამზადებულ შემეცნებით წიგნებს. თითოეული მათგანი ითვალისწინებს პატარების ასაკს, შესაძლებლობასა და ინტერესს, შესაბამისად, ხელს უწყობს მათ გონებრივ, მოტორულ და ინტელექტუალურ განვითარებას.
პრეზენტაციას გაუძღვებიან პროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრები - მაკა კასრაძე (გამომცემლობა „ზებრა“), გიორგი მარშანია („სტუდია ველოსიპედი“) და ბექა ბერიკაშვილი (წიგნების დიზაინერი).
ღონისძიებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება ბავშვებისათვის, რადგან მათ ესტუმრება და გაართობს თავად ჟირაფი ჟოზე.
25 დეკემბრიდან წიგნების შეძენას მსურველები შეძლებენ:
წიგნის მაღაზიათა ქსელებში „ბიბლუსი“, „ლიბრა“, „სანტა ესპერანსა“; სათამაშოების მაღაზიათა ქსელებში „პეპელა“, „ჭიტა“, „სუპერი“.