ფილოლოგიის დოქტორის, საბა მეტრეველის, ახალ წიგნში „ანა კალანდაძე და პოლიტიკური პოსტმოდერნიზმი“ 1946 წლის 25 მაისს ანა კალანდაძის სამწერლო ასპარეზე გამოსვლა შეფასებულია, როგორც დემონტაჟი საბჭოთა ლიტერატურული პრაქტიკის ერთიანი, ყოვლისმომცველი მეთოდის, სტალინური პერიოდის ესთეტიკური კოდექსის – სოციალისტური რეალიზმისა, რომელსაც ავტორი პოლიტიკურ პოსტმოდერნიზმს უწოდებს.
საბა მეტრეველის აზრით, 22 წლის სტუდენტმა გოგონამ დაიწყო ქართული ლირიკის აღორძინება, მისი დაბრუნება ბუნებრივი კალაპოტისთვის, რადგან ამ პერიოდისთვის ანას არცერთი ლექსი არ აკმაყოფილებდა პარტიული ლიტერატურის ლენინურ პრინციპებს. ანა კალანდაძის მიერ 1945-1946 წლებში დაწერილი ლექსები შესწავლილია ეპოქის პოლიტიკურ-იდეოლოგიურ კონტექსტში, ხოლო მისი პირველი წიგნი განხილულია სწორედ, ნომენკლატურული კრიტიკისა და ავტორიტარული რეჟიმის რეპრესიული პოლიტიკის დისკურსში.
ანა კალანდაძის ლირიკა მიჩნეულია მეოცე საუკუნის ახალი ჰიმნოგრაფიული ეტაპის დასაწყისად.
მკითხველი გაეცნობა პოეზიის დედოფლის პირადი ცხოვრების აქამდე უცნობ დეტალებსაც. წიგნის რედაქტორია მწერალი და მეცნიერი მაკა ჯოხაძე.