მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს ცნობილი, როგორც არა მხოლოდ ქვეყანა, რომელსაც პარტნიორების დახმარება სჭირდება, არამედ როგორც ქვეყანა, რომელსაც თვითონაც შეაქვს თავისი წვლილი საერთაშორისო მშვიდობაში, - ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ნატო მზადაა ძალიან აქტიური იყოს საქართველოსთან.
"ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ბევრი საერთო საქმე გვაქვს, რომელიც ეხება ყველა სახის უსაფრთხოებას, მათ შორის კიბერუსაფრთხოებას და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც დიდწილად რუსეთის მიერ არის გამოყენებული. ასევე ვილაპარაკეთ სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზეც. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს ცნობილი, როგორც არა მხოლოდ ქვეყანა, რომელსაც პარტნიორების დახმარება სჭირდება, არამედ როგორც ქვეყანა, რომელსაც თვითონაც შეაქვს თავისი წვლილი საერთაშორისო მშვიდობაში. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ნატო მზადაა ძალიან აქტიური იყოს ჩვენთან. პირველი ჩემი ვიზიტი დაიწყება ბრიუსელით, სადაც მდებარეობს ნატოც და ევროკავშირიც. აუცილებელია, ჩვენ ეს კავშირები გავაძლიეროთ", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.