ფრანგი მსახიობი და „ოსკარის“ მფლობელი ჯულიეტ ბინოში ბერლინის 69-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის უხელმძღვანელებს. ინფორმაციას კინოფესტივალის პრესსამსახური ავრცელებს.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ კინოფესტივალის ჟიურის, რომელიც 69-ედ ტარდება, ჯულიეტ ბინოში უხელმძღვანელებს. ჩვენს ფესტივალს მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს მასთან და ბედნიერები ვართ, რომ ის უბრუნდება „ბერლინალეს“ ამ გამორჩეულ პოზიციაში“, - განაცხადა ბერლინალეს დირექტორმა დიტერ კოსლიკმა.
„მადლობა ამ უზარმაზარი პატივისა და ჟიურის თავმჯდომარედ მოწვევისთვის. მოუთმენლად ველოდები შეხვედრას ჟიურის სხვა წევრებთან. დიდი სიამოვნებით შევასრულებ ჩემს ამოცანებს კინოფესტივალის მიზნების განსახორციელებლად“, - ასე გამოეხმაურა ჯულიეტ ბინოში ინფორმაციას ჟიურის თავმჯდომარედ მოწვევის შესახებ.
ბინოშმა მსოფლიოში სახელი გაითქვა ფილმებით „ინგლისელი პაციენტი“, „შოკოლადი“, „სამი ფერი: ლურჯი“ და „კაშე“. მიღებული აქვს ოსკარი საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის ფილმში „ინგლისელი პაციენტი“ (1997) და „სეზარი“ ფილმისთვის „სამი ფერი: ლურჯი“.
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი 2019 წლის 7 თებერვალს გაიხსნება და 17 თებერვალს დაიხურება.