თბილისის მერიის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენისას, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კულტურის სფეროში განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის, კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმების აღდგენა, ასევე, ილია ჭავჭავაძის მემორიალურ-ლიტერატურული მუზეუმის სრული რეაბილიტაცია დასრულდა და ამჟამად, მათი თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტებით აღჭურვა მიმდინარეობს.
მისივე თქმით, დაიწყო სახელოვნებო სკოლებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები და მათი ახალი ინვენტარით, ინსტრუმენტებითა და უსაფრთხოების სისტემით აღჭურვა.
თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქის კულტურული პროგრამების ფარგლებში, დაიწყო მასშტაბური და გრძელვადიანი პროექტები - „თბილისის ცის ქვეშ“ და ფესტივალი „თბი ლისი“, ჩატარდა გრაფიტის ფესტივალი; ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის მთავარ პავილიონში „მაგნუმ ფოტოს“ კონცეპტუალური გამოფენა და თბილისზე სპეციალურად შექმნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.