პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ვუსურვებ, შეძლოს უკეთესი პრეზიდენტობა, ვიდრე იგი კანდიდატი იყო, - განაცხადა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშილმა პარტიის ახალ ოფისთან გამართულ ბრიფინგზე.
„საპრეზიდენტო არჩევნების შეფასება რთულია, რადგან ეს იყო ორთაბრძოლა წესების გარეშე, რომელშიც მხარეებმა გამოიყენეს ყველა იარაღი, რაც ხელთ აღმოაჩნდათ. წააგო საქართველომ. კიდევ ერთხელ დადასტურდა 2016 წლიდან გამოკვეთილი პრობლემა - „ოცნება“ ქვეყნის მართვას ვერ უმკლავდება. მათმა უთავბოლობამ და მათ მიერვე რეამინირებულ ოპონენტთან ხელახალმა შესკდომამ ქვეყანა რამდენიმე წლით დახია უკან. აღმშენებლობისთვის ესოდენ საჭირო ეროვნული ენერგია გათიშულობისა და „არასახელმწიფოებრიობის კომპლექსის“ გაღრმავებას მოხმარდა. შეილახა ქვეყნის პრესტიჟი.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გულწრფელად ვუსურვებ, შეძლოს უკეთესი პრეზიდენტობა, ვიდრე იგი კანდიდატი იყო. ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის წარმატება შინ და გარეთ მხოლოდ გამიხარდება“, - განაცხადა უსუფაშილმა.