ყველამ იცის, რომ ეს არჩევნები იყო ჩემსა და ივანიშვილს შორის, - ამის შესახებ საპრეზიდენტო არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის დამარცხებულმა საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ BBC-ის რუსული ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტმა გრიგოლ ვაშაძეს უთხრა, რომ საუბრობენ, თითქოს ეს არჩევნები იყო არა მასსა და ზურაბიშვილს შორის, არამედ სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის. ვაშაძემ ამ მოსაზრებას მორიგი პროპაგანდა უწოდა და აღნიშნა, რომ სააკაშვილს მის კამპანიასთან არავითარი საერთო არ აქვს.
„სააკაშვილს არავითარი საერთო არ აქვს ჩემს კამპანიასთან. დიახ, ის ჩნდება ტელეეკრანებზე... მაგრამ შეხედეთ ჩემს პროგრამას, პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების ნაწილში. თქვენ გსმენიათ მისგან რამე ისეთი, რაც ჩემს წინადადებებს ემთხვევა? მე ვამბობ სერიოზულად, დამიჯერეთ, ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში. მე არ ვიცი, როგორი იქნება გაერთიანებული ოპოზიციის შემადგენლობა მომავალში, მაგრამ მე მინდა შევინარჩუნო ეს კავშირი და შეიძლება გაფართოვდეს კიდეც და ჩვენ, ყველა ამ რეფორმას, განვახორციელებთ პირველ 100 დღეში“, - განაცხადა ვაშაძემ.