პროპორციული საპარლამენტო არჩევნების გარშემო უნდა გავერთიანდეთ, სხვა თემებზე ცხადია გვექნება განსხვავებული პოზიციები. აქ ევროპული საქართველოს, როგორც საპარლამენტო უმცირესობის, როლი განსაკუთრებულია. ამიტომ მე მივდივარ კვირის აქციაზე, - წერს სოციალური ქსელში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა.
„მეგობრებო, მინდა ჩემი პირადი სახელით განმარტება გავაკეთო. ჩვენი პარტია არაა აქციის ორგანიზატორი. ორგანიზატორობა სხვადასხვა ტიპის მოვალეობებს და ურთიერთობებს გულისხმობს პარტიებს შორის. მიმაჩნია, ხალხისთვის, ამ ეტაპზე, ეს ასპექტი არაარსებითია. ამიტომ ამაზე არ დავკონკრეტდები. მთავარია, პარლამენტის პროპორციული არჩევნები. ჩვენ ყველა აქცია, როგორც ზეწოლის ფორმა, დისკუსიის ფორმატები (მათ შორის უმრავლესობასთან, რადგან გადაწყვეტილება მათი მისაღებია), საერთაშორისო ბერკეტები უნდა გამოვიყენოთ ამ მიზნისთვის. ამას ნიშნავს სწორედ, რომ ჩვენ ვართ კვირას დაგეგმილი აქციის მიმართ სოლიდარულები. მე პირადად ამ აქციაში ამ სულისკვეთებას ვხედავ. აქციებზე ყოველთვის გაისმის გვერდითი იდეები, არასწორი და ხშირად მიუღებელი განცხადებები. ეს თანმდევი პროცესია. ასეთი რამ ცხადია, უნდა გავაპროტესტოთ, მაგრამ მთავარი თემიდან ფოკუსი არ უნდა გადავიტანოთ. პროპორციული საპარლამენტო არჩევნების გარშემო უნდა გავერთიანდეთ, სხვა თემებზე ცხადია გვექნება განსხვავებული პოზიციები. აქ ევროპული საქართველოს, როგორც საპარლამენტო უმცირესობის, როლი განსაკუთრებულია. ამიტომ მე მივდივარ კვირის აქციაზე“, - წერს უგულავა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მომხრებს ქუჩაში გამოსვლისა და დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. გაერთიანებულმა ოპოზიცია ფილარმონიაში მომხრეებს შეხვდა და 2 დეკემბერს ფართომასშტაბიანი აქცია დაანონსა. მათ განაცხადეს, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, კვირას, 2 დეკემბერს, აქციას გამართავენ
“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარტიის სახელით დღეს განცხადება გააკეთა, რომ გაერთიანების "ძალა ერთობაშია" მიერ კვირას დაგეგმილ საპროტესტო აქციას არ შეუერთდება. მისი თქმით, საზოგადოება გაიზარდა და აჩვენა, რომ ცვლილებებისთვის აუცილებელი აღარ არის ქუჩა, რევოლუცია და ბარიკადი.
ევროპული საქართველოს განცხადების შემდეგ, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ „ევროპული საქართველოს“ კაბინეტის პარტია უწოდა.