"ევროპული საქართველო" კვირას, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას არ უერთდება, ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პარტია სოლიდარულია ყველა მოქალაქის მიმართ, ვისაც 2018 წლის არჩევნებისადმი გასაგები და ლეგიტიმური წუხილი აქვს.
"შექმნილ ვითარებაში სრულიად გასაგები და ლეგიტიმურია თითოეული იმ ადამიანის წუხილი, ვისაც მიაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის გაპროტესტება უნდა მოხდეს კანონიერი საპროტესტო საშუალებებით. ჩვენ გვესმის თითოეული ასეთი ადამიანის წუხილი, მაგრამ „ევროპულ საქართველოს“ მიაჩნდა და მიაჩნია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ბრძოლის მთავარი გზა გადის პოლიტიკურ რეფორმებზე და არა საპროტესტო აქციებზე.
შესაბამისად, პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონკრეტულად კვირას დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ჩვენ ვართ სრულად სოლიდარული თითოეული მოქალაქისა და ადამიანის, რომელიც იქ მიდის საკუთარი პროტესტის გამოსახატად და უსამართლობის გასაპროტესტებლად, მაგრამ როგორც პარტია ორგანიზაციულად ჩვენ ამ აქციის ორგანიზებაში მონაწილეობას არ მივიღებთ", - განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, პარტიის მიზანია, რომ ჯერ საარჩევნო კანონმდებლობა შეიცვალოს და არჩევნების გზით შეძლონ ხელისუფლების ცვლილება.
ცნობისთვის, გუშინ გაერთიანებულმა ოპოზიციამ საპროტესტო აქცია დაანონსა. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის მოთხოვნით აქცია კვირას გაიმართება.