როცა ახალი პრეზიდენტი დიდი უმრავლესობის მიერ არის არჩეული, მას შესაძლებლობა და უფლება უნდა მივცეთ, თავად გადაწყვიტოს, სად იქნება პრეზიდენტის ოფისი და ადმინისტრაცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის რეზიდენცია ის თემა არ არის, რომელიც საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
„სალომე ზურაბიშვილმა ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დაწყებისას განაცხადა, სად აპირებს მუშაობას და სად იქნება პრეზიდენტის ოფისი. როცა ახალი პრეზიდენტი დიდი უმრავლესობის მიერ არის არჩეული, მას შესაძლებლობა და უფლება უნდა მივცეთ, თავად გადაწყვიტოს, სად იქნება პრეზიდენტის ოფისი და ადმინისტრაცია. ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, პრეზიდენტი და მისი ოფისი როგორ შეასრულებენ თავის ფუნქციებს. ამ შემთხვევაში, სასახლე თუ რეზიდენცია, ეს მეორე ხარისხოვანი საკითხია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.