სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, BBC-ის რუსული ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ მისი პრეზიდენტობის 6 წელი ევროკავშირსა და ნატოსთან რაც შეიძლება მეტად დაახლოებასა და ამ ორგანიზაციებში სრულად ინტეგრირებას მიეძღვნება. BBC-ის რუსული ბიურო საქართველოს არჩეულ პრეზიდენტთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს.
BBC: როგორც პრეზიდენტმა რა უნდა გააკეთოთ ცვლილებების მისაღწევდ?
სალომე ზურაბიშვილი: არსებობს ორი მიმართულება, სადაც პრეზიდენტი ძალიან აქტიური უნდა იყოს. პირველი ეს არის საერთაშორისო პოლიტიკა, ეს კონსტიტუციაში წერია. ეს 6 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის, რომელიც ევროპაში, ევროკავშირსა და ნატოში გაერთიანებისათვის იბრძვის.
ამ დროის განმავლობაში ჩვენ მას უფრო მეტად უნდა დავუახლოვდეთ ან სრულად ვინტეგრირდეთ. ამ საკითხში ყველაზე აქტიური პრეზიდენტი ვიქნები. მემახსოვრება, რომ სწორედ ქალბატონმა ვიკე-ფრეიბერგამ (ლატვიის პრეზიდენტი 1999-2007 წლებში) თავისი ქვეყანა გააწევრიანა ევროკავშირსა და ნატოში. ჩემი მიზანიც ეს არის.
საქართველო უნდა გახდეს უფრო ცნობადი მსოფლიო რუკაზე უამრავ ასპექტში. მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, რას წარმოადგენს საქართველო, რადგან ბევრ ქვეყანაში ხალხმა ეს არ იცის. მათ საქართველო მხოლოდ რუკაზე აქვთ ნანახი და სინამდვილეში ჩვენს შესახებ არაფერი იციან.
მე ევროპაში გავიზარდე, ვიყავი ფრანგი დიპლომატი 30-ზე მეტი წლის განმავლობაში. ვიცი რა არის ევროპული თანამეგობრობა, როგორ უნდა ვიაროთ მისი მიმართულებით და როგორ გავაერთიანოთ ხალხი მის გარშემო.
ჩვენ უნდა გამოვიდეთ პოსტ-საბჭოთა მენტალობის ჩარჩოებიდან, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის ბოლო 25 წლის განმავლობაში მაინც იყო ჩვენში გამჯდარი.
უნდა გავაერთიანოთ ხალხი, რადგან თუ ქვეყნის შიგნით არ გავერთიანდებით, ვერ დავიბრუნებთ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს. და ახლა ეს შესაძლებელია, ეს ქართველი ხალხის ყველაზე მნიშვნელოვანი და საერთო მიზანია- ამბობს სალომე ზურაბიშვილი ინტერვიუში.