რა უსულო საგანიც არ უნდა შეიტანონ პრეზიდენტის სასახლეში, ის პრეზიდენტი არ იქნება და ამ უსულო საგნის მიმართ არავითარი პოლიტიკური და მორალური ვალდებულებები არ გვაქვს, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ფილარმონიაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები არ გვქონდა.
"ჩვენ გვქონდა კრიმინალური ტერორის პირობებში ჩატარებული, ხელისუფლების მიერ ორგანიზებული კრიმინალური ფარსი. ზუსტად ამიტომ ჩვენ ამ არჩევნებს არ ვაღიარებთ და მის შედეგებს არ ვცნობთ", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მან აქვე საპროტესტო აქცია დაანონსა, რომელიც მისივე თქმით, კვირას გაიმართება და აღნიშნა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს.