30 ნოემბერს, 16:00 – 18:00 სთ, მწერალთა სახლში, ივანე მაჩაბლის ქ. 13, გაიმართება გერმანელი პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, ეგონ ბარის წიგნის ქართული გამოცემის პრეზენტაცია: „ეს შენ უნდა მოჰყვე... მოგონებები ვილი ბრანდტზე“, სადაც მოთხრობილია ვილი ბრანდტისა და ეგონ ბარის ახლო მეგობრობისა და მათ მიერ „ოსტპოლიტიკის“ - გერმანული „აღმოსავლეთის პოლიტიკის“ - შემუშავების პროცესზე. წიგნი ქართულად თარგმნა საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.
„ოსტპოლიტიკა“, რომელიც კანცლერმა ვილი ბრანდტმა დაამკვიდრა, პირველი ნაბიჯი იყო აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას შორის არაღიარებისა და დაპირისპირების ჩიხიდან გამოსვლის გზაზე. მან პოლიტიკური დაძაბულობის შერბილებასთან ერთად, გაერთიანების შანსი მისცა გახლეჩილ ოჯახებს. საბოლოოდ, 1990 წელს, "ოსტპოლიტიკის" შედეგად გერმანიის გაერთიანება შედგა.
არის მსგავსება 1960-იანი წლების გერმანიის სიტუაციასა და 2018 წლის საქართველოს შორის? და თუ არის, რა გაკვეთილების მიღება შეიძლება ეგონ ბარისა და ვილი ბრანდტის „ოსტპოლიტიკის“ მიდგომებისგან? წიგნის პრეზენტაციაზე ამ და სხვა საკითხებზე იმსჯელებენ: მაია ფანჯიკიძე, ქართული გამოცემის მთარგმნელი, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი; ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში; უტე ფინქ-კრემერი, გერმანიის ბუნდესტაგის ყოფილი წევრი და ინიციატივის “Détente Now!” თანადამფუძნებელი; კარსტენ დ. ფოგტი, გერმანიის ბუნდესტაგის ყოფილი წევრი და ფედერალურ საგარეო სამსახურში ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის ყოფილი კოორდინატორი.