დღეს, 10 ნოემბერს, 13:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროსთან გამაფრთხილებელი აქცია გაიმართება. "ქრისტიან-დემოკრატები" მთავრობას ძალოვანი ვეტერანების პენსიების გათანაბრებასა და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისათვის შეღავათების აღდგენას სთხოვენ. ამასთან დაკავშირებით განცხადება პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა ახვლედიანმა გააკეთა.
როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, "ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, 100 ათასამდე ადამიანის უსამართლო ყოფის გასაუმჯობესებლად მთავრობამ ბიუჯეტში ერთი თეთრიც არ გაითვალისწინა.
ახვლედიანის განმარტებით, საუბარია ძალოვანი სტრუქტურების ვეტერანებსა და ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა პრობლემებზე. მისი თქმით, "ქრისტიან-დემოკრატები" მთავრობას სთხოვენ, სამართლიანობის აღსადგენად უნდა მოხდეს ძალოვანი ვეტერანებისთვის ღირსეული პენსიების დამსახურებისამებრ გათანაბრება.
"ეს კი იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ შესაბამის კანონში მოხდება გადაანგარიშების მუხლის აღდგენა. მეორე მოთხოვნა კი შეეხება ომის ვეტერანებისთვის ადრე არსებული შეღავათების აღდგენას. გამომდინარე იქიდან, რომ 2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე სულ ცოტა დრო რჩება, ხოლო ხელისუფლების მხრიდან პრობლემის მოგვარებისთვის საჭირო პოლიტიკური ნება არ ჩანს, ამ უმწვავესი საკითხის მთავრობისთვის შეხსენების მიზნით ჯანდაცვის სამინისტროსთან ქრისტიან-დემოკრატები ვეტერანებთან ერთად გავმართავთ გამაფრთხილებელ საპროტესტო აქციას მოთხოვნით, შეიცვალოს ხელისუფლების პოლიტიკა და აღდგეს სამართლიანობა ძალოვანი სტრუქტურებისა და ომის ვეტერანთა მიმართებაში, რაც ბიუჯეტში კონკრეტული მუხლების აღდგენით და თანხების გათვალისწინებით იქნება შესაძლებელი", - აცხადებს ახვლედიანი.