თბილისში, მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება. მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი მე-9 მოწვევის პარლამენტში სალომე ზურაბიშვილია. სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის მაჟორიტარი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა. მაშინ ქართულმა ოცნებამ საკუთარი კანდიდატი არ წარადგინა და ასპარეზი სალომე ზურაბიშვილს დაუთმო, რომელიც პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შევიდა.
სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრიდა კენჭს. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მე-5 პრეზიდენტია. სალომე ზურაბიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შეუწყდება.
მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები გაზაფხულზე დაინიშნება. ცესკომ კენჭისყრის ზუსტი თარიღი არჩევნებამდე არაუგვიანეს ორი თვით ადრე უნდა გამოაცხადოს.
28 ნოემბერს, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. საქართველოს მოქალაქეებმა ექვსწლიანი ვადით მეხუთე პრეზიდენტი აირჩიეს. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ხმათა 59.54 პროცენტი სალომე ზურაბიშვილმა მიიღო, 40.46 % კი გრიგოლ ვაშაძემ.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%. ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ სახელმწიფოს მეთაური პირდაპირი გზით აირჩია. პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან კი კონსტიტუციის ახალი რედაქცია თავისი ერთ-ერთი წინააღმდეგობრივი ცვლილებით – პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესით, შევა ძალაში.
მეორე ტურში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658 შედგენდა. ცესკოს მონაცემებით, პირველ ტურში ამომრჩეველთა რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენდა. არჩევნები ქვეყნის მასშტაბით 3 703 საარჩევნო უბანი იყო გახნისლი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი იყო.