იუნესკო-მ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. ადაწყვეტილება 29 ნოემბერს, მავრიკიის ქალაქ პორტლუისში იუნესკო-ს არამატეტიალური კულტურული მემკვიდრეობის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-13 სესიაზე მიიღეს.
2014 წელს, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, ქართულ ჭიდაობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
2016 წელს, კი პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, ქართულ ჭიდაობას ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. შემდგომ, აღნიშნული საკითხი, გადაიგზავნა იუნესკო-ში, იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანის მიზნით.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, იუნესკო-ს მე-13 სესიას ქართული დელეგაციაც დაესწრო, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, ამავე სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი მანანა ვარძელაშვილი, საქართველოში იუნესკო-ს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი ქეთევან კანდელაკი და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი.
როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ჭიდაობა სპორტის უძველესი სახეობაა, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში. მისი, როგორც სპორტის ეროვნული სახეობის სიძველეზე მეტყველებს „ალავერდის“ კედელზე შესრულებული ჭიდაობის სცენაც. სცენაზე აღბეჭდილი პერსონაჟთა სახეები, სამოსი და მოძრაობის პლასტიკა, ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს ქართულ ტრადიციულ საჭიდაო ხელოვნებაზე. მსგავსი შეჯიბრება საქართველოში თან სდევდა რელიგიურ დღესასწაულებს