Edison Research-ის ეგზიტპოლების მიხედვით, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარდა, ამომრჩეველთა ხმათა უმრავლესობა, 55 პროცენტით, დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა.
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 45 პროცენტი მიიღო. მონაცემები დათვლილია 17:00 საათის მდგომარეობით.
ეგზიტპოლის ცდომილება +/- 3 პროცენტს შეადგენს.
დღეს, 28 ნოემბერს, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. საქართველოს მოქალაქეებმა ექვსწლიანი ვადით მეხუთე პრეზიდენტი აირჩიეს. მეორე ტურში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658 შედგენდა. ცესკოს მონაცემებით, პირველ ტურში ამომრჩეველთა რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენდა. არჩევნები ქვეყნის მასშტაბით 3 703 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი იყო.
არჩევნებს აკვირდებოდა საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი, 48 500-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს აშუქებდა 2 300-მდე ჟურნალისტი. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.
ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ სახელმწიფოს მეთაური პირდაპირი გზით აირჩია. პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან კი კონსტიტუციის ახალი რედაქცია თავისი ერთ-ერთი წინააღმდეგობრივი ცვლილებით – პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესით, შევა ძალაში.