საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საკუთარი არჩევანი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე უკვე დააფიქსირა.
მან ხმა დიდუბის საარჩევნო ოლქის 44-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა, რომელიც 23-ე საბავშვო ბაღშია განთავსებული.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. კენჭისყრის შენობებში ხმის მიცემის პროცედურა ზუსტად 08:00 საათზე დაიწყო. საქართველოს მოქალაქეები ექვსწლიანი ვადით მეხუთე პრეზიდენტს აირჩევენ. ეს ბოლო არჩევნები იქნება, როდესაც სახელმწიფოს მეთაურს პირდაპირი გზით აირჩევენ. პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან კი კონსტიტუციის ახალი რედაქცია თავისი ერთ-ერთი წინააღმდეგობრივი ცვლილებით – პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესით, შევა ძალაში.
მეორე ტურში მონაწილეობს პრეზიდენტობის ორი კანდიდატი:
№5 გრიგოლ ვაშაძე;
№48 სალომე ზურაბიშვილი;
მეორე ტურში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658. ცესკოს მონაცემებით, პირველ ტურში ამომრჩეველტა რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენდა.
არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 3 703 საარჩევნო უბანი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია.
საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნები იმუშავებენ დამატებით და ხმის მიცემის პროცედურა გაგრძელდება შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით არჩევნების დღის 24:00 საათამდე. აღნიშნული ხმები დაითვლება 28 ნოემბერს ცესკოში, საქართველოში კენჭისყრის დასრულების შემდეგ.
არჩევნებს აკვირდება საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი, 48 500-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 2 300-მდე ჟურნალისტი.
ბიულეტენები დაბეჭდილია ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და ასევე რამდენიმე უბნისთვის დაბეჭდილია სამენოვანი ბიულეტენები (ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხური).
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.