ჩვენ ვირჩევთ ადამიანს, რომელიც 6 წელი ამ ქვეყნის სახე უნდა იყოს , - განაცხადა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, „არჩევანის“ ეთერში საუბრობს.
ბაქრაძის თქმით, მოსახლეობამ პირველ ტურში უარი უთხრა ხელისუფლებას და აჩვენეს, რომ მათ ცვლილებები უნდათ. მისი თქმით, ხვალ სწორედ პრინციპული არჩევნებია, რადგან მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატია ის, ვის ციტატებსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ იყენებს.
ბაქრაძე ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, შეუძლებელია საარჩევნო კაბინების კონტროლი, რის გამოც, მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მისთვის სასურველი კანდიდატი შემოხაზოს და ზეწოლას არ დაემორჩილოს.
„თუ ჩვენ ხელისუფლების შიშით, ზეწოლის შიშით, სამსახურის დაკარგვის შიშით, კიდევ ერთხელ გავამარჯვებინებთ ამ ხელისუფლებას, ზუსტად იგივე იქნება მომავალ არჩევნებშიც - ვიცხოვრებთ ცუდად, მაგრამ შეგვეშინდება უკეთესად ცხოვრება იმის გამო, რომ ხელისუფლება კიდევ უფრო მეტად დაგვემუქრება. ამიტომ გზა, რომლითაც ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ გავთავისუფლდებით, ამ შიშისგან ის კი არ არის, რომ ხელისუფლებას გავუწიოთ ანგარიში, არის სწორედ ის, რომ ჩვენი რწმენის, ჩვენი სინდისის, ჩვენი მომავლის ხედვით გავაკეთოთ არჩევანი და ამ არჩევანით დავამარცხოთ ხელისუფლება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით, გრიგოლ ვაშაძეს ქვეყნის დამაზიანებელი განცხადებები არ გაუკეთებია.