დღეს, Sotheby's-ის აუქციონზე ცნობილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნახატი „ქალი ლეჩაქით, გაიყიდა. ნახატი 2 მლნ 230 000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.
აუქციონის ოფიციალური გვერდის თანახმად, ნახატის საწყისი ფასი 500 000-დან 700 000-მდე გირვანქა სტერლინგი იყო.
„ქალი ლეჩაქით“ ცნობილი ავსტრიელი მწერლის შტეფან ცვაიგის კოლექციიდანაა. მწერალმა ეს ნახატი მოსკოვში მოგზაურობისას, 1928 წელს შეიძინა.
აღსანიშნავია, რომ ნახატი აუქციონის რუსულ სექციაში იყო განთავსებული, თუმცა მითითებული იყო, რომ ფიროსმანი ქართველი მხატვარია. აუქციონის წარმომადგენლების განმარტებით, ფიროსმანის ნახატი რუსულ სექციაში იმიტომ მოხვდა, რომ ცალკე ქართული სექცია არ აქვთ.