სრული ტექნიკური და ტექნოლოგიური მზაობაა იმისთვის, რომ "ქართული ოცნების" გაყალბების ყველა მექანიზმი გადავკეტო, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გაერთიანებულ ოპოზიციას ჰყავს 20 000 დატრენინგებული ადამიანი გაყალბების ყველა მექანიზმის აღსაკვეთად.
"გვაქვს პარალელური ცენტრალური საარჩევნო კომისია აწყობილი, რათა კანტორას, რომელიც მხოლოდ "ქართულ ოცნებას" ემსახურება, გაყალბების შესაძლებლობა არ მივცეთ. ყველა დეტალი ვიცით, ყველა უბანზე, ყველა რაიონში, კონკრეტული პასუხისმგებელი პირები, ვინ არიან მთავარი გამყალბებლები. ყველას დავაფიქსირებთ. ესაა სისხლის სამართლის დანაშაული და ნუ ჩაიდენთ დანაშაულს, რადგან ყველაფერი შეიძლება ეპატიოს ადამიანს, მაგრამ ადამიანის ნების გამოხატვაზე ზეგავლენას, მისი ნებით მანიპულირებას ვერავის ვაპატიებთ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა ყველა გამყალბებელი. ჩვენს რუკაზე იქნება ყველა მტკიცებულება თითოეულ ამ ადამიანთან მიმართებაში. ტყუილად ნუ დადგებით საარჩევნო უბნებთან, ჩვენ გავაკონტროლებთ მთელ პერიმეტრს და არ მოგცემთ ხალხის ნებით მანიპულირების შესაძლებლობას", - განაცხადა ვაშაძემ.
რაც შეეხება ყალბი პირადობის მოწმობების გამოყენებას, გაერთიანებული ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლებას 11 000 ადამიანი ჰყავს რეგისტრირებული.
ვაშაძის თქმით, როგორც არ უნდა შეეცადოს ხელისუფლება ამომრჩევლის დაშინებას და მოსყიდვას, საარჩევნო კაბინაში, ბიულეტენთან მოქალაქე არის მარტო და ვერავინ გააკონტროლებს, ვის შემოხაზავს ის.
მისივე ინფორმაციით, ვებგვერდზე www.Dzalaertobashia.ge მოქალაქეებს შეეძლებათ ნებისმიერი დარღვევის შესახებ ინფორმაცია გაერთიანებული ოპოზიციის შტაბს მიაწოდონ.